საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გუნდი ისეთივე შემართებით ითამაშებს, როგორც თამაშობდა და რამაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში მეორედ მიწევს. ასევე, სასიხარულოა, რომ საგზური საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოვიპოვეთ. იმავე შემართებით ვიქნებით, როგორც აქამდე ვიყავით და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგისთვის.
რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ და ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება, ისინი რას წარმოადგენენ.
ჩემთვის და ყველასთვის დიდი ტრამპლინი იქნება ასეთ ტურნირზე კარგად თამაში. რა თქმა უნდა, მეც გამოვიყენებ ამ ტურნირს, რათა ყველაფერი დადებითად იყოს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, - აღნიშნა აზაროვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
სოფო ერქვანია ჟილინადან