მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.
G ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და საკუთარ მოედანზე მალტა 8:0 გაანადგურა. რონალდ კუმანის გუნდს ორ თამაშში 6 ქულა აქვს, რისთვისაც დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაუხარჯავს. ჯგუფს ჯერჯერობით, ფინეთი ლიდერობს, რომელსაც 7 ქულა აქვს, თუმცა ოთხ თამაშში. ფინელებმა შინ პოლონეთს 2:1 სძლიეს. პოლონეთის ნაკრებში კონფლიქტია, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდი დატოვა მწვრთნელთან დაპირისპირების გამო, რასაც ეს წაგება დაემატა. პოლონეთს 6 ქულა აქვს, თუმცა სამ თამაშში.
H ჯგუფში ავსტრიამ მოიგო ზედიზედ მეორე მატჩი, სტუმრად სან მარინო 4:0 დაამარცხა და 6 ქულა დააგროვა. თუმცა, ლიდერი ჯერ ბოსნიაა, რომელმაც სამ ტურში 9 ქულას მოუყარა თავი. რუმინეთმა შინ კვიპროსს პირველივე ტაიმში გაუტანა ორი უპასუხო გოლი და მერე არაფერი შეცვლილა. რუმინეთს 6 ქულა გააჩნია, ოღონდ ოთხ თამაშში.
K ჯგუფში ალბანეთმა სტუმრად ლატვიასთან ძვირფასი ქულები დაკარგა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 1:1. არადა, მოგების შემთხვევაში მეორე ადგილისთვის სილვინიოს გუნდის შანსები იზრდებოდა. სერბეთმა ადვილად სძლია ანდორას - 3:0. ჯგუფს ინგლისი 9 ქულით ლიდერობს, ალბანეთს 5 ქულა აქვს, თუმცა ოთხ მატჩში, ხოლო სერბეთმა ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა.