საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ქართველმა სპეციალისტმა თამაში შემდეგნაირად შეაფასა.
ლომინაძის მდგომარეობა
„ამ წუთის მონაცემებით სერიოზული არაფერი ჩანს, იყო მცირე პრობლემები, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ლომინაძეს ბოლო დღეები პაუზა ჰქონდა. ხვალ უკეთ გამოჩნდება, მაგრამ ამ წუთისთვის სურათი ისეთია, რომ ტრავმა სერიოზული არ ჩანს".
ფსიქოლოგიური სიძლიერე
"შთაგონების წყარო რეალურად არ იცვლება ძალიან დიდი ხანია, არა მარტო ამ თაობაში, არამედ ამის წინა თაობაშიც. მნიშვნელოვანია ყველაფერი, ასეთ დონეზე განსაკუთრებით, ნებისმიერი დავალება, მცირე დეტალი წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული, მაგრამ მერწმუნეთ, თუ გუნდს არ აქვს ხასიათი, მენტალურად ძლიერი ხასიათი, თითოეულ ფეხბურთელს, განსაკუთრებით, ასეთი სტრესის თამაშში, როდესაც პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალია, ძალიან ძნელია მიზნის მიღწევა. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, მაგრამ უმრავლესობა ევროპულ ფეხბურთში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ამიტომ ხასიათის სიმტკიცე წინა პლანზე გამოდის. ამას ემატება კონკრეტული დავალებები, სტრატეგია, რომელიც ასე კარგად სრულდება. იმედია, ასე გავაგრძელებთ. არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე რაღაცას დათმობს, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს თამაში. დღეს იყო მომენტები, როცა კარგად ვითამაშეთ, იყო მომენტები, როცა შედარებით დავალებები ვერ სრულდებოდა, პენალტის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა პოლონელების მხარეს გადაიხარა, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენი მზაობა რთულ სიტუაციაში ძალის საპოვნელად და მატჩი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულეთ".
ყვითელი ბარათები
"ასაკიდან, იმ ემოციიდან გამომდინარე, რომელიც მოჭარბებული იყო, უნდა გაკონტროლდეს თავის გამოჩენის სურვილიც. ვერ გავამართლებ ვერანაირ ქმედებას, როცა ყვითელ ბარათს ვიღებთ, რა თქმა უნდა, არასაფეხბურთო სიტუაციას ვგულისხმობ. ამაზე გვქონდა ლაპარაკი თამაშამდე და კიდევ გვექნება, რადგან თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე, როცა ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა".
პოლონეთის ნაკრები და თამაში
"მოლოდინისამებრ პოლონეთი, სწრაფი, აგრესიული, ორთაბრძოლებსა და სტანდარტულებზე ძალიან კარგი იყო. ჩვენი დავალება თავიდან ბოლომდე მორგებული იყო პოლონეთზე, ვფიქრობ, ამ ყველაფერმა იმუშავა, 80%-ით მაინც. მივიჩნევ, რომ ის პენალტი იმ მომენტში არ იყო ლოგიკური, მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, საბედნიეროდ მცირე დროით. საერთო ჯამში მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან რთული დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს".
სანაკრებო ფეხბურთის პროგრესი
"ყველანი ბედნიერები ვართ გამარჯვებით, მაგრამ, როგორც ამ ნაკრების მწვრთნელი, ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ უკვე მესამე წელია ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ქართულ სანაკრებო ფეხბურთს აქვს, მერწმუნეთ, ამაზე დიდი არავის არაფერი გვაქვს, ძალიან მარტივად შეგვიძლია უახლოეს წარსულს თვალი გადავავლოთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზორში გვქონდა ნანახი. იზრდება ყველა, ჩვენც, ფეხბურთელებიც, მოდიან თაობებიც. თუ პოლონელებმა ნამდვილად უსახელო გუნდი გვიწოდეს, ვიტყოდი, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც წინა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა, გამორჩეულ გრანდებს აჯობა, შემდეგ ეს არის გუნდი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიც გადალახა და პირველი ტურის მატჩიც მოიგო. ვიცი, რომ ურთულესი თამაშები გვაქვს წინ, პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენელია და არც ვაპირებ გაკეთებას. ერთადერთი ვიცი, რომ არავინ არაფერს დათმობს, სანამ მინდორზე ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დღეები დიდხანს გაგრძელდეს, რადგან მთლიანად სჭირდება ქართულ ფეხბურთს და სჭირდება იმ თაობებს, რომლებიც აქ არიან და ტელევიზორშიც უყურებენ. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენს თავს ახლა ხდება. ეს გუნდი ხდება ის გუნდი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ თამაშობს და ამას ყოველთვის ამტკიცებს".
ძალების აღდგენა და საბა საზონოვი
"კარგია, რომ საფრანგეთი-პორტუგალიის მატჩი ფრედ დასრულდა, რადგან პირველი ტურის შემდეგ საქართველო ლიდერია, ეს არის ახლა მთავარი, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ძალიან მალე მოხდეს ძალების აღდგენა, რადგან ბევრი ენერგია დავხარჯეთ. დღეს იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი დატვირთვით დიდი ხნის შემდეგ ითამაშეს პირველად, ამიტომ, ძალების აღდგენაზე ძალიან სწრაფად უნდა ვიზრუნოთ. არ შეიძლება საზონოვის თამაში არ გამოვყო. ურთულესი იყო, ეს ყველა ფეხბურთელს ეხება, მაგრამ საზონოვს გამოვყოფ იმიყომ, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ ითამაშა 90 წუთი, ითამაშა მაშინ, როცა რეალურად მისთვის 90 წუთის თამაში არ შეიძლებოდა. იყო მომენტები, როცა ზოგიერთ ფეხბურთელს თამაში აღარ შეეძლო, მაგრამ თვითონ დამიძახეს, რომ ბოლომდე ვითამაშებო: ეს არის ჩვენი ხასიათი და მიდგომა, ეს არის, რაც ყველაზე დიდ რამეს გვაძლევს და ვართ ის გუნდი, რომელიც აქამდე მოვიდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაგრძელდება".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სოფო ერქვანია ჟილინადან