საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო!
სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთის 21-წლამდე ნაკრები 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ ტაიმში უპირატესობას პოლონეთი ფლობდა და ორჯერ ძალიან ახლოსაც იყო გოლთან, მაგრამ იღბალი რამაზ სვანაძის გუნდის მხარეს იყო: პოლონელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გადარჩა. საპასუხოდ, შეტევაში საქართველოს არაფერი ჰქონია, კარისკენაც ვერ დაარტყა. აქედან გამომდინარე პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულება საკმაოდ კარგი შედეგი იყო.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმი უკეთესი გამოდგა, საქართველოს ნაკრები ბევრად გააქტიურდა, მეტოქესაც აღარ უთმობდა ბურთს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. ირაკლი აზაროვის კუთხურის შემდეგ პოლონელებმა ბურთი ძალიან ცუდად გამოიტანეს, იქვე ნოდარ ლომინაძე დაეუფლა ბურთს, რომელმაც ის კარში ზუსტად გადაგზავნა და საქართველომ არა მარტო მატჩში, არამედ ტურნირზეც ანგარიში გახსნა.
თუმცა, პოლონეთის ნაკრებს დიდი ხანი არ დასჭირდა გასათანაბრებლად. მეტოქემ პენალტი მოიპოვა, რომელიც იაკუბ კალუზინსკიმ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მალევე ხარატიშვილმა იხსნა თავისი გუნდი, თორემ, პოლონეთს წინ გასვლა შეეძლო.
სვანაძის გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა! საჯარიმოში გიორგი მაისურაძემ ბოლომდე იბრძოლა, ვიზავის აჯობა და კარის წინ მარტო მყოფ ვასილიოს გორდეზიანს გაუკეთა პასი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო!
თუმცა, ამ მატჩს სხვა გმირიც ჰყავდა, მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც 97-ე წუთზე პოლონელ თავდამსხმელს პირისპირ აჯობა, დაუჯერებელი სეივით და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2025 გამარჯვებით დაიწყო.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეორე ტურში 14 ივნისს, საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს პორტუგალიას შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა. ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
პოლონეთი - საქართველო 1:2 (0:0)
ჟილინა, „პოდ დობნომი“
პოლონეთი (5-4-1): ტობიაში; მარჩუკი, პედა, მოსორი, გურგული, პირკა (შმიტი 65); კოზლოვსკი, კალუზინსკი (პიენკო 65), კოზუბალი (ლეგოვსკი 90), ფორნალჩიკი (რაკოში 82); შიმჩაკი (ბოგაში 65)
მწვრთნელი: ადამ მაიევსკი
საქართველო (4-2-3-1): ხარატიშვილი; მაისურაძე; საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი; ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 66), გაგნიძე (ოდიშვილი 90); ოდიშარია (იეგოიანი 80), სიგუა (გორდეზიანი 80), აბუაშვილი (გ. მამაგეიშვილი 66); კვერნაძე
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გოლები: 0:1 ლომინაძე (55), 1:1 კალუზინსკი (73, პენ), 1:2 გორდეზიანი (90)
გაფრთხილება: მარჩუკი (26), პიენკო (73) - აზაროვი (6), მაისურაძე (49), კვერნაძე (67), გ. მამაგეიშვილი (73), გაგნიძე (75)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ალესანდრო დუდიკი (შვეიცარია)