საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან გადამწყვეტი საგოლე პასი გააკეთა და უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
„საგოლე პასი? ორთაბრძოლაში შევედი, ბურთი უკვე გადასული მეგონა და ფეხი შევახე... მეკარეს ფეხებში გაუძვრა, მაშინ გულმა მიგრძნო, რომ გოლი გადიოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, თითოეულ ფეხბურთელს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, რადგან 90 წუთი, თითოეული წუთი ვიბრძოლეთ. მიხარია, რომ მოვიგეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადებით.
თავიდან ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ სადღაც შუაში მივხვდით, რომ შეგვეძლო მოგება. ყველა ამ განწყობაზე ვიყავით, რომ არაფერი განსაკუთრებული და წარმოუდგენელი არ იყო და მოვიგეთ კიდეც. ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დავიხარჯებით და არავინაა ისეთი, რომ კონკურენცია ვერ გავუწიოთ", - თქვა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სოფო ერქვანია ჟილინადან