ფეხბურთი

4:00 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "ძალიან მინდოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ეს კლუბშიც იცოდნენ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა საბა საზონოვმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მან ძალიან დიდი ხნის შემდეგ 90 წუთი პირველად ითამაშა.

„ვიცით, რომ კარგად თამაში და მოგება ყოველთვის შეგვიძლია. 2:1 გავიმარჯვეთ, შეიძლებოდა პენალტის თავიდან არიდება, მაგრამ ასე მოხდა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა 1:0 ან 2:0 მოგვეგო, მაგრამ 2:1-იც კარგი ანგარიშია.

ტრავმა როცა მქონდა, ყოველთვის ველაპარაკებოდი მწვრთნელს, კონტაქტზე ვიყავით. „ემპოლიში“ ძალიან კარგი რეაბილიტაცია გავიარე, იმედი მქონდა და მინდოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ეს „ემპოლიშიც“ იციან. მეორე მატჩი იყო ჩემთვის ტრავმის შემდეგ, რუმინეთთან 45 წუთი ვითამაშე. ახლა, მეორე ტურშიც 90 წუთი რომ ვითამაშო, ძალიან კარგი იქნება, ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავს კარგად ვგრძნობ.

ძალიან მიხარია, რომ ქომაგები სტადიონზე იყვნენ, ისინიც ყოველთვის მწერდნენ, კითხულობდნენ, შევძლებდი თუ არა თამაშს. ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობ. მინდოდა, სტანდარტული მდგომარეობებიდან გოლის გატანა, მაგრამ არა უშავს. პორტუგალიას გოლი ერთხელ უკვე გავუტანე, ახლა კი, საფრანგეთთან და მერე ისევ პორტუგალიასთან ვეცდები გატანას.

მოედანზე ორი კარგი გუნდი იყო, რომლებიც კარგად ახერხებდნენ პრესინგს და ცდილობდნენ, მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმში ცოტა უფრო სწრაფად და მეტი ენერგიით ვითამაშეთ, სათადარიგო მოთამაშეებმა კი გავლენა მოახდინეს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, თავს ოჯახად ვგრძნობთ და ყველა ერთად ვართ. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია საფრანგეთის დამარცხება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა საზონოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164728