პოლონეთის ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა კასპერ ტობიაშმა საქართველოსთან მარცხის (1:2) შემდეგ თქვა, რომ არ გაუმართლათ და საფეხბურთო ღმერთები მათ მხარეს არ იყვნენ.
„ბოლო წამებში წაგება მტკივნეულია. დღეს ფეხბურთის ღმერთები ჩვენს მხარეს არ იყვნენ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ იღბალი მოდის და მიდის, ამიტომ იმედია, შემდეგ თამაშში ის დაგვიბრუნდება.
ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გვაქვს, რომელთა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს საკმარისად კონცენტრირებულები არ ვიყავით და უმაღლეს დონეზე, როდესაც 100%-ით მზად არ ხარ, შეიძლება ეს დაგემართოს“, - თქვა ტობიაშმა.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.