პოლონეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ მაიევსკიმ საქართველოსთან მარცხი (1:2) უიღბლობას დააბრალა.
როგორც პოლონელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საუკეთესოს არ გაუმარჯვია და მისმა გუნდმა უფრო მეტი მომენტი შექმნა, რომლებიც ვერ გამოიყენა.
„ვფიქრობ, ტაქტიკურად კარგად ვიყავით მომზადებულები. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, თუმცა გაუმართლა. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი არაა და მეტოქეს დამსახურებულად არ მოუგია. საქართველომ პირველი მატჩი მოიგო, თუმცა სულაც არ იყო დღეს უკეთესი გუნდი. კონცენტრაცია, ეფექტიანობა გვაკლდა, მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი, გოლები უცნაური, შემთხვევითი სიტუაციების შემდეგ გაიტანა.
რა თქმა უნდა, როდესაც აგებ, თითქოს, ყველაფერი არასწორად გააკეთე, მაგრამ არანაირი ეჭვები არ მაქვს მატჩისადმი მიდგომასთან, ტაქტიკასთან დაკავშირებით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პირველ მატჩში ყოველთვის უკეთესი გუნდი არ იმარჯვებს, არამედ უფრო კონცენტრირებული და ეს არის ის, რაც თამაშის ბოლოს გვაკლდა. უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შეგვეძლო ამ მატჩის მოგება, მაგრამ უცნაურ ვითარებაში გოლი გავუშვით. შემდეგ კი შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მიხალ რაკოჩიმ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ფაქტია, რომ შედეგი ძალიან არახელსაყრელია. ჩვენთვის სიტუაცია უფრო გართულდა, ადვილი არ იქნება, ამას ვაცნობიერებთ. მატჩამდე ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ საქართველო სუსტი გუნდი არ იყო და ეს დადასტურდა. მომავალ მატჩებში უნდა ვიბრძოლოთ და სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულები. ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა მაიევსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.