„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდი მოახლოებული საკლუბო მსოფლიო თასის მოსაგებად არის მომართული.
ტურნირი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე შეერთებულ შტატებში გაიმართება. პსჟ B ჯგუფში მარიდის „ატლეტიკოსთან, „ბოტაფოგოსთან“ და „სიეტლ საუნდერსთან“ ერთად ითამაშებს. ფრანგული გუნდის პირველი მეტოქე „ატლეტიკო“ იქნება, თამაში 15 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ძალიან კარგი განცდა გვაქვს. უნიკალურ, ახალ შეჯიბრში ვაპირებთ თამაშს. ძალიან გვიხარია აქ ყოფნა.
კლუბების მსოფლიო თასზე თამაში ფანტასტიკურია. მოუთმენლად ველით ვარჯიშს და კვირას ტურნირის დაწყებას. კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება „პარი სენ-ჟერმენისთვის“ წარმოუდგენელია. ახლა შეჯიბრში დაბრუნების და საკლუბო მსოფლიო თასის მოგების დროა.
ტურნირს ევროპული კლუბის, კერძოდ, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩით დავიწყებთ. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით. ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერ კლუბთან ვითამაშოთ“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს პსჟ-ის ვებ-გვერდი.
ამ სეზონში პსჟ-მ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი და ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.