საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება. როგორც გამოცემა EVECT იტყობინება ქართველის შეძენით ლიგა 1-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი "რენი" დაინტერესდა.
წყაროს თქმით, ქვედა ლიგაში დაქვეითებული "სენტ-ეტიენი" ზაფხულში ბევრ ფეხბურთელს დაემშვიდობება და მათ შორის იქნება ზურიკო დავითაშვილიც, რომლის მიმართ ინტერესს აქამდე "გალათასარაი", "ბეშიქთაში" და "სტრასბური" იჩენენ, მათ რიცხვს ახლა "რენი" დაემატა. გამოცემის მტკიცებით ქართველი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ადგილსამყოფელს შეიცვლის, მის შესაძენად კი გუნდებს მინიმუმ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის 33 მატჩში თავი 9 გოლით, 8 საგოლე პასით და ერთი მოპოვებული პენალტით გამოიჩინა, რაც შესანიშნავი სტატისტიკაა. ქართველს „მწვანეებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.