ფეხბურთი

18:07 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ასეთ გუნდთან თამაში ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი მოტივაციაა"
"ყველაფრის კარგად შესრულების შემთხვევაში ჩვენს წინაშე სულ სხვა ასპარეზი იშლება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

სვანაძემ ისაუბრა, როგორც განვლილ, ისე მომავალ მატჩზე და აღნიშნა, რომ გუნდში შესანიშნავი განწყობაა.

გუნდში ატმოსფერო

„პირველ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. თუმცა უნდა გამოვყო ის ფაქტორი, რომ ბოლო წამებზე მოგებულ თამაშს კიდევ უფრო დიდი სტიმული და დამატებითი ემოციები მოჰყვება, ამიტომ, ამ მხრივ, ყველაფერი კარგადაა. მაქსიმალურად ვეცადეთ და ძალები აღვიდგინეთ. გუნდში ნორმალური, საბრძოლო სიტუაციაა. არის დაზიანებებთან დაკავშირებით მცირე დისკომფორტები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ, დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება".

ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა

"ლომინაძე მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის. ზოგადად, ნებისმიერი ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია, მათი ყველასი მეიმედება და მწამს, ასე რომ, ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება თუ არა მოედანზე, ეს დამოკიდებული თამაშის შინაარსზე, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში, რომელი ფეხბურთელი იქნება საჭირო".

ყვითელი ბარათები და ემოციების კონტროლი

"ბარათებზე რა თქმა უნდა საუბარი გვქონდა, კიდევ გვექნება. ერთადერთი, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ისაა, რომ მართოს საკუთარი ემოცია. ასაკის გათვალისწინებით ეს ყველაფერი ხშირია, არა მარტო ჩვენთან, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ქვეყანას წარმოადგენენ, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა იგრძნოს, რომ საკუთარი ემოცია თამაშის დროს მართოს".

მოტივაცია

"ვფიქრობ, რომ მოტივაციის მხრივ პრობლემა არ იქნება. ისეთი მეტოქე გვყავს, რომ დიდი მოტივაცია არც გვჭირდება. ყველას გააზრებული აქვს და კარგად იცის, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებით. ამ შეხვედრაში ყველაფრის კარგად შესრულების და თავის გამოჩენის შემთხვევაში, ჩვენს წინაშე სულ სხვა ასპარეზი იშლება, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად".

საფრანგეთის ნაკრების ძალა

"არც ჩემგან და არავისგან საფრანგეთის ნაკრებს დიდი დახასიათება არ სჭირდება. ერთ-ერთი დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ ასეთ გუნდებთან ვითამაშოთ. არ ვართ ამით განებივრებული. კონკრეტულად ამ თაობისთვის ეს არის ყველაზე დიდი გუნდი, რომელსაც შეხვდება. გვქონია ძლიერ გუნდებთან მატჩები, მაგრამ თავისი სტატუსით საფრანგეთის ნაკრები, ნებისმიერ ასაკში, სულ სხვაა. ეს არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ დონეზე ყოველთვის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ამიტომ, ჩვენთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, მეტოქე შესწავლილი გყავს, ვნახეთ ბოლო თამაში. ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგად დაბალანსებული. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. გუნდური პრინციპები უნდა დავიცვათ, რადგან ეს არის მთავარი, ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და პლუს თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი იქნება. ვგულისხმობ მაქსიმალურ კონცენტრაციას თითოეულ მომენტში, რადგან ვსაუბრობთ ტოპ გუნდზე, მათი პირველი განმასხვავებელი სწორედ ისაა, რომ ისინი არ პატიობენ თითოეულ შეცდომას, რომელსაც მეტოქე დაუშვებს, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

თამაშის სტილი საფრანგეთის წინააღმდეგ

"პოლონეთთან უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, პირველი ნომერი ვიყავით. ძალიან მცირე მონაკვეთი იყო, განსაკუთრებით გაშვებული გოლის შემდეგ, როცა სადავეები ხელიდან გავუშვით, მაგრამ საერთო ჯამში პოლონეთი უფრო ფრთხილობდა, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება მომავალ მატჩს, ყოველთვის მივესალმები, რომ გუნდი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყობისთვის, რადგან ასეთ დონეზე თამაშზე ვსაუბრობთ. კონტრშეტევის საშუალება თუ იქნება, უნდა გადავიდეთ კონტრშეტევაზე, ბურთის ფლობის საშუალება თუ იქნება, ბურთი უნდა გავაკონტროლოთ. აუცილებლად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთი სჭირდება, პროცენტულად არ ვიცი ეს რამდენი იქნება, მაგრამ თუ გვექნება შესაძლებლობა, ბურთის ფლობაზე აქცენტი აუცილებლად გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს დიდი ხანია დიდი ხანია ინერგება და ზოგადად ქართველების სტილია. ბურთის გარეშე დარჩენას არ ვაპირებთ, უბრალოდ, რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი, ვნახოთ".

ვახტანგ ბედოშვილის სათამაშო დრო

"ბედოშვილმა აქ ყოფნა დაიმსახურა, თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც დღეს აქაა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი აქ ყოფნას იმსახურებენ, ესაა ყველაზე მთავარი. ვარჯიშებში მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, მისი გვეიმედება, ხოლო თამაშში მისი ჩართვა თუ არ ჩართვა, ეს დამოკიდებულია თამაშის შინაარსზე".

პოლონეთის დახმარება საფრანგეთსა და პორტუგალიასთან

"ჩვენი ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია. დარწმუნებული ვარ, პოლონეთი დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ქულები მოიპოვოს. თუმცა ყოველთვის ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას სხვა მატჩების შედეგებს, რადგან უმნიშვნელოვანესი ჩვენი თამაში და საკუთარ თავზე კონცენტრირებაა. თუ ამ მხრივ, ვინმე მოგვეხმარება, ეს დამატებითი ბონუსი იქნება და უარს ნამდვილად არ ვიტყვით".

საფრანგეთის ნაკრებში ბევრი ვარსკვლავის არყოფნა

"საფრანგეთს ძალიან დიდი არჩევანი აქვს, ბევრი ფეხბურთელის გამოყვანა შეუძლიათ ნებისმიერ ასაკში. დუეს და შერკის გუნდში ყოფნა რა თქმა უნდა, დამატებითი პლუსია. არ ვიცი, რამდენად ხელს შეგვიწყობს მათი არყოფნა, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან საფრანგეთის ნაკრებზე ვსაუბრობთ. შეიძლება ზოგიერთ ფეხბურთელზე ახლა არ არის ყველასთვის ცნობილი, მაგრამ ტურნირის დასრულების შემდეგ შეიძლება ძალიან დიდი ვარსკვლავი იყოს. ამიტომ, საფრანგეთს ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ აქვს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09439