ფეხბურთი

17:50 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარია: "გუნდი 100%-ით დაიხარჯება, ეს გამოწვევა პრობლემას არ გვიქმნის"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს გამოწვევა გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ძალიან ძლიერი გუნდია. ტაქტიკურად ბევრ საკითხს ვერ შევეხები, არ შემიძლია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი მოედანზე საბრძოლველად გავა და 100%-ით დაიხარჯება.

დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი პრივილეგიაა. მზად ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ გავალთ სათამაშოდ, ჩვენ ჩვენი თამაში გვაქვს და ამ თამაშს ვითამაშებთ. ევროპალიგაზე ძალიან ძლიერ გუნდებთან ვითამაშე, მაგრამ ნაკრებში თამაშს სულ სხვა სპეციფიკა აქვს, სხვა დატვირთვა შენთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ, ნაკრების თამაშებზე უფრო მეტი კონცენტრირება მჭირდება.

საფრანგეთს მაინც ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ეს გამოწვევა პრობლემას არ გვიქმნის, პირიქით, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია, როცა ასეთი დონის ვარსკვლავებთან გიწევს თამაში“, - თქვა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097821