ფეხბურთი

2:05 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "თავი დაღლილობამ და ტრავმებმა იჩინა, ჩვენთვის ნებისმიერი მარცხი ტრაგედიაა"
"მოლოდინები მაღალია, მაგრამ მოლოდინები მაშინაა კარგი, როცა ის რეალურია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა რამაზ სვანაძემ, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თამაში შეაფასა:

„საკმაოდ დრამატული თამაში გამოდგა, განსაკუთრებით, ბოლო წუთები. არ მინდა თამაშის დეტალების შეფასება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ჩემი გუნდით და იმ ყველაფრით, რაც ბოლო წლებია ჩვენს თავს ხდება. ძალიან დასანანი და სამწუხარო წაგებაა, მაგრამ რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რაც ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო. ეს პრობლემები ევროპის ჩემპიონატის წინ საკმაოდ დაგვიგროვდა, ბევრი ფეხბურთელი არაა სათანადო კონდიციაში, არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერები არიან, პირიქით, წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათი აქვთ, უბრალოდ, ბევრია სათამაშო პრაქტიკის გარეშე, რასაც დაემატა ტრავმები, რაც სამწუხაროდ ბევრი გვქონდა. ამას დაემატა საბა საზონოვის ტრავმაც. არ შემიძლია არ გამოვყო საბას თავდადება, პატრიოტიზმი, იმიტომ, რომ ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ამხელა პაუზის შემდეგ ზედიზედ ორჯერ 90 წუთის ასეთ დონეზე თამაში.

საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის გუნდია, ეს ყველაფერი დღესაც გამოჩნდა, არცერთი შეცდომა არ გვაპატიეს. მესამე გოლი ზუსტად იმ ზონიდან გავუშვით, სადაც ფეხბურთელი დავკარგეთ, სამწუხაროდ, ცვლილებაც არ გვქონდა დარჩენილი. ვფიქრობ, დროც იმაზე მეტი დაემატა, ვიდრე თავიდან იყო დამატებული, 12-13 წუთი ვითამაშეთ 90 წუთის ამოწურვის შემდეგ. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო ტურის წინ გვაქვს შანსი, ისევ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული და ახლა მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ბოლო თამაშშიც გვექნება, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონდიციაში ვიყოთ. ყველაფერი გაკეთდება, რომ არანაკლები სიძლიერის პორტუგალიას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

საფრანგეთის ნაკრებთან ვთამაშობდით, ფეხბურთელებთან, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ტოპლიგებში თამაშის. ეს ნიშნავს პირველ რიგში თამაშის ინტენსივობას. აღვნიშნე, რომ ბევრი ფეხბურთელი გვყავს სათამაშოს პრაქტიკის არქონით, შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან დიდი სხვაობაა სათამაშო ინტენსივობაში და როდესაც მასიური პრესინგი მოდის შენს ნახევარზე, ვხვდებით ისეთ სიტუაციებში, რისი გამოცდილებაც ნაკლები გვაქვს. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ევროპის ჩემპიონატზე ხშირად თამაშს. სწორედ ასეთი დონის გუნდებთან თამაშია იმის საწინდარი და პირველი ნაბიჯი ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდის.

შეცდომის გამო თამაში აგვერია. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარზე, როცა გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთები, ასეთი დონის გუნდები შეცდომებს არ პატიობენ და პლუს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად, რადგან შემდეგ თამამი ვეღარ ხარ. პირველ ტაიმში ეს პრობლემა გვქონდა. ამ შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ბურთის ამოტანის მიმართულებები ნაკლებად სრულდებოდა, ორჯერ იყო მხოლოდ ასეთი ეპიზოდი, როცა ამოვედით ისე, როგორც დაგეგმილი იყო და ორჯერვე საკმაოდ სახიფათოდ შევუტიეთ. შესვენებაზე გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებოდით და რა მნიშვნელობა აქვს თუ როგორ სრულდება ტაქტიკური მონახაზი. ეს არ ეხებოდა დაცვას, ეხებოდა შეტევას. გარდა ამისა, იყო ფსიქოლოგიური საუბარი ფეხბურთელებთან. მეორე ტაიმში ყველამ ვნახეთ, რომ უკვე სულ სხვა გუნდი ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით.

მეორე ევროპის ჩემპიონატია, თანაც, ტოპგუნდებთან ვითამაშეთ, როგორც 2023 წელს, ისე ახლა და ეს არის ჩვენი პირველი მარცხი ევროპის ჩემპიონატებზე. ჩვენთვის ნებისმიერი მარცხი ტრაგედიაა, არა იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებმა არ შეიძლება საფრანგეთთან წააგოს, ზოგადად, სიტყვა მარცხი ჩვენთვის უკვე ძალიან ცუდს ნიშნავს. სწორედ ეს განწყობაა ახლა გასახდელში, თითოეულ ჩვენგანში. ეს ყველაფერი გამოცდილებას გვაძლევს, მეორეც, სამ დღეში დარჩენილია თამაში, რაც გვავალდებულებს, რომ პორტუგალიასთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. მესმის, რომ ეს რთულია, მესმის, რომ გვინდა ყველა თამაშის მოგება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, რეალობა ისაა, რომ დღეს პირველი თამაში წავაგეთ ევროპის ჩემპიონატზე, გუნდთან, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან არ არის მარტივი საფრანგეთთან ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გამოხვიდე და ასეთი მეორე ტაიმი ითამაშო.

ბოლოს რაც მოხდა, ფეხბურთში ხდება. რაღაც მიდის იმიტომ, რომ სადღაც დაბრუნდეს. ძალიან ბევრი თამაში გვაქვს მოგებული ბოლო წუთებზე, ძალიან ბევრი ე.წ. ქამბექი გვაქვს შესრულებული, ახალგაზრდულ ნაკრებს ვგულისხმობ და ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ბოლო წუთებზე ჩვენ დავმარცხდით. ვერ ვიტყვი, რომ მოვდუნდით, უბრალოდ, მთავარი ის იყო, რომ ფიზიკურად ძალიან დაღლილები ვიყავით, რასაც დაემატა საზონოვის ტრავმა და ცვლილება არ გვქონდა დარჩენილი. საფრანგეთის დონის გუნდები კი, ასეთ ლაფსუსებს სამწუხაროდ არ პატიობენ. ყველაფერი ხდება, ფეხბურთია, ახლა მთავარია, რომ ის ფორტუნა, რომელიც ბოლო წუთებში წავიდა, ისევ დავიმსახუროთ, რადგან ფორტუნა მიდის მასთან, ვინც მას იმსახურებს.

ჩვენი მხრიდან გამიზნული არ იყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოედანზე კოტრიალი, ეს ნამდვილად არ იყო კოტრიალი, უბრალოდ ფეხბურთელებს ფიზიკურად აღარ შეეძლოთ და თუ კარგად გახსოვთ, ეს იყო საბა საზონოვი და უკვე აღვნიშნე, თუ რა სირთულეებს გადის საბა, რომ ასე ითამაშოს, გოლი გაიტანოს. წარმოუდგენელია ჯვარედინი იოგის შემდეგ, ამხელა ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე გამოვიდეს ასეთი დონის გუნდებთან ორ-ორი ტაიმი ითამაშოს. ასე რომ, ადამიანს უბრალოდ მეტი აღარ შეეძლო. ბურთის ფლობაზე გუშინ ვთქვი და ისევ ვიტყვი, რომ არის მომენტები ფეხბურთში, როცა აღარ შეგიძლია, დღეს ჩვენ ფიზიკურად დავიღალეთ და აღარ შეგვეძლო. ამ ყველაფერს აქვს ქვეტექსტები, რატომ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უნდა გვახსოვდეს ყველას: არ უნდა მოვწყდეთ რეალობას, თუ რა დონის ფეხბურთელებთან ვთამაშობთ, თუ რა გამოცდილებაა მათ უკან და კვირაში ერთხელ მაინც რა ინტენსივობით თამაშობენ ისინი, ვის წინააღმდეგაც ვითამაშეთ. რეალურად ახლა გავდივართ გზას, რომელიც ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიარა. საკმაოდ წარმატებით გავდივართ ამ გზას, ვიცი, რომ მოლოდინები გაზრდილია, მაგრამ მოლოდინები მაშინაა კარგი, როცა ის რეალობას ეფუძნება. ყოველთვის რეალობიდან გამოვდივართ, ესაა ჩვენთან მთავარი ამოსავალი წერტილი. ჩამოვდივართ აქ, უცხოეთში და უსახელო გუნდს გვიწოდებენ, ჩვენთან კიდევ, რეალობის სწორი აღქმის პრობლემაა. რეალობა კი, ისეთია, რომ ყველამ უნდა ვიამაყოთ ამ ბიჭებით, ჩვენი ნაკრებებით, აუცილებლად მოვუმატებთ და ძალიან მალე მივიღებთ იმ შედეგებს, რომელსაც ვიმსახურებთ იმ ერთიანი მუშაობით, რომელსაც გადის ფეხბურთის ფედერაციის ძალიან დიდი გუნდი.

ლომინაძეც მინდა გამოვყო, რადგან მასაც აქვს კუნთების პრობლემა, ტრავმის ფონზე თამაშობს. საბას მდგომარეობას რაც შეეხება, ჯერჯერობით, ვერაფერს გიპასუხებთ, ტკივილს გრძნობს, ყველაფერი უფრო ხვალ გამოჩნდება, ამიტომ, თამაშის წინ უფრო ნათელი სურათი გვექნება, თუ ვინ რა მდგომარეობაში შეხვდება პორტუგალიასთან თამაშს“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100529