საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგების მიუხედავად, კარგად ითამაშეს:
„ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში ისინი დომინირებდნენ, ბურთი მეტად ეჭირათ, მაგრამ მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ ტაქტიკური ცვლილებები შეიტანა, რამაც იმუშავა. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, ვაჩვენეთ ხასიათი, რაც ჩვენ შეგვეფერება, რითაც აქამდე მოვედით, მაგრამ არ გაგვიმართლა, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.
ყველა კარგად ხედავს, როგორი გუნდი ვართ, არასდროს ვნებდებით, ჩვენს ხასიათს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, პორტუგალიასთან მოვიგებთ და ვაჩვენებთ იმ ყველაფერს, რასაც ქართველ გულშემატკივარს აქამდე ვაჩვენებდით. ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც გვერდში გყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა იმედი გაქვს, იცი, რომ იბრძოლებენ და ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი 100%-ით დაიხარჯა, უბრალოდ არ გაგვიმართლა, ფეხბურთში ეს ხდება“, - თქვა კვერნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია ჟილინადან