საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა დღეს, ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ვრცლად ისაუბრა, როგორც გუშინდელ თამაშზე, ისე პორტუგალიასთან მომავალ დაპირისპირებაზე.
„პორტუგალიის თამაშისთვის მზადება დღეიდან დავიწყეთ. ვცდილობთ, რომ გუშინდელი თამაში დავივიწყოთ და ვემზადებით, ძალიან მობილიზებულები ვართ. პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ ძალები აღვიდგინოთ, რადგან გუშინდელმა მატჩმა ძალიან დიდი ძალა წაიღო, ამიტომ, მთავარი ესაა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მენტალურად ყველა მზადაა და ყველა საბრძოლველად გავა მოედანზე, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზამთ.
პირველი და განსაკუთრებით, მეორე თამაში ფიზიკურად ძალიან რთული იყო, თუმცა პროფესიონალები ვართ და ვიცით, როგორ მოვუაროთ თავს და ყველა მზადყოფნაში იქნება.
ჩემი გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრებში თითოეული წუთი და მით უფრო, გოლი ძალიან მაგარი შეგრძნებაა ჩემთვის და ალბათ ყველა ფეხბურთელისთვის. რაც შეეხება მატჩის მერე ემოციებს, რთული იყო, მაგრამ გადართულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე.
პორტუგალიამ წინა მატჩებიც ტრენჩინში ჩაატარა? ვფიქრობ, ეს არ იქნება უპირატესობა მეტოქისთვის და ჩვენზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ამ ნაკრებმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ხასიათი და ერთობა გვაქვს, ასე რომ, ჩემი აზრით, გუშინდელი მატჩი არანაირ გავლენას არ მოახდენს მომდევნო შეხვედრაზე. ჩვენს თამაშზე ვართ ორიენტირებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად შევასრულოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯგუფიდან გასასვლელად“, - თქვა აბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია ჟილინადან