იტალიის ნაკრების მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
47 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა, ხოლო 19 ივნისს, მედიის წინაშე წარადგენენ.
„ის იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ფუნდამენტური იქნება ჩვენი მომდევნო გამოწვევებისთვის და მადლობას ვუხდი, რომ დაგვთანხმდა“, - აღნიშნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.
ჯენარო გატუზოს იტალიის ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „მილანში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, „პიზაში“, „ვალენსიაში“, „სიონში“, „მარსელსა“ და „ჰაიდუკში“.
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად დაიწყო და თითქმის დაკარგული აქვს ჯგუფში პირველი ადგილის შანსი, რადგან ნორვეგიას უკვე დიდი უპირატესობა გააჩნია. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში „სკუადრა აძურა“ პლეი-ოფში გავა, საიდანაც უკვე ორი ბარიერის დაძლევა მოუწევს, რათა ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა თავიდან აირიდოს.