უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
მან ქართული ქალთა ძიუდოს ისტორია დაწერა, რადგან ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არათუ ოქრო, არამედ ზოგადად, მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ფინალში იჭიდავა.
57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალამდე სამხრეთკორეელი ჯუ კიმი, რუსი დარია კურბონმამადოვა, ფინელი პილა სალონენი და თურქმენი მაისა პარდაიევა დაამარცხა. სხვათა შორის, ყველა დაპირისპირება მან იპონით მოიგო.
ფინალში იაპონელ მომო ტამაოკის დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ ავასატე-იპონით გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რიგებში ლიპარტელიანამდე ნინო ლოლაძემ, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულეს.
16 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება საქმეში, ზაურ დვალაშვილი პირველ წრეში შვეიცარიელ ორელინ ბონფერონის დაუპირისპირდება, ხოლო 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილის პირველი მეტოქე ჩინელი ჯინ ტანი იქნება.