ძიუდო

9:30 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი: "ახლაც ვერ ვიჯერებ, მაგრამ ეს უკვე ჩემი ცხოვრების რეალობაა"

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა: ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგადად, მედალი მოიპოვა.

ტრიუმფის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავი სიზმარში ჰგონია, მაგრამ ეს რეალობაა.

„ახლაც კი ვერ ვიჯერებ, ვერ ვხვდები, რომ ძიუდოში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ საქართველოში ქალებს შორის. ჩემთვის ეს შესანიშნავი შედეგია, უზომოდ ბედნიერი ვარ და ბედნიერი ვარ ჩემი შრომისმოყვარეობით, ძიუდოსადმი ჩემი ერთგულებით. ყველაფერი გავაკეთე ამ შედეგისთვის და აი, აქ ვარ, პირველი ჩემპიონი ქალთა ძიუდოს ისტორიაში.

ასევე, მარაქეში, როდესაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, პირველი ვიყავი! თუმცა, უფროსების მსოფლიოს ტიტული სულ სხვა რამ არის, რაღაც განსაკუთრებული, მთელ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ეს არაჩვეულებრივია. ფანტასტიკურია ისტორიაში საკუთარი თავის ჩაწერა, ეს ახლა ჩემი ცხოვრების რეალობაა.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს, მაყურებელს, ამდენი მაყურებელი ვნახეთ დარბაზში და ეს ულამაზესი იყო. მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, ჩემს მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს. მის გარეშე, შესაძლოა, ეს შეუძლებელი ყოფილიყო. ეს გუნდური ძალისხმევა იყო, ჩემპიონი ჩვენი ერთობლივი მუშაობის წყალობით გავხდი. ის ამ პერიოდში ძალიან დამეხმარა და მსურს, რომ მომავალში მსოფლიოს ჩემპიონი ისიც გახდეს.

ეს სიზმარივით იყო, მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ იაპონელი ძიუდოისტი დავამარცხე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასთან გამარჯვება არაჩვეულებრივი გრძნობაა. სიზმარში ვარ, მაგრამ ეს რეალობაა“, - თქვა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. საქართველოს მონაგარი სამი დღის შემდეგ სწორედ ეს ერთი ოქროს მედალია.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098931