„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა მარკინიოსმა და ვიტინიამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრეს.
ისინი კმაყოფილები არიან შედეგით, მაგრამ გაჩერებას არ აპირებენ და ტურნირის მოგება სურთ.
მარკინიოსი: „ვფიქრობ, ვცდილობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. დღეს ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონები ვართ, მაინც მოტივირებულები ვართ კარგი შედეგების მისაღწევად. მწვრთნელმა კვირის განმავლობაში საუკეთესოდ მოგვამზადა. ეს აჩვენებს ჩვენს მოტივაციას, ამბიციას. ასე უნდა გავაგრძელოთ. აქ ვიცავთ ევროპის ტიტულს. მოვიგეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ყოველთვის უნდა ვეცადოთ გაუმჯობესებას. ყველანი მოუთმენლად ველოდით ამ ახალ ტურნირს. კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ შეჯიბრი ხანგრძლივია. თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგა ცუდად დავიწყეთ, შემდეგ გავაუმჯობესეთ თამაში და საბოლოოდ ჩემპიონები გავხდით. ახლა კარგია ასე დაწყება, ეს თავდაჯერებულობას გვმატებს. სწორი მიმართულებით მივდივართ, კარგი იმპულსით. მწვრთნელი ჩვენგან ძალიან მომთხოვნია: უმცირეს დეტალებს ყურადღებას ვაქცევთ“.
ვიტინია: „თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით, ამ პირობებშიც კი. ძალიან ცხელოდა, რთულია ასეთ პირობებში თამაში, მაგრამ კიდევ უფრო რთული იყო „ატლეტიკოსთვის“, რომელსაც ბურთი არ ჰქონდა. ვეცადეთ გაგვეკეთებინა ის, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ: თამაშის კონტროლი, შანსების შექმნა. ყველაფერი გავაკეთეთ, კიდევ შეგვეძლო მეტი გოლის გატანა, მაგრამ ბედნიერები და კმაყოფილები ვართ ამ შედეგით“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ტურში „ბოტაფოგოს“ შეხვდება, მატჩი 20 ივნისს, დილის 05:00 საათზე გაიმართება.