საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩამდე ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
ქართველმა სპეციალისტმა გადამწყვეტი თამაშის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
საბა საზონოვის მდგომარეობა
„ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ძალიან მაღალი დონის მატჩებში თამაშობს და გარდა ამისა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს შანსი, ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ ჩვენი ქვეყნისთვის ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. საზონოვის მდგომარეობა ახლაც ფასდება და ხვალ გვეცოდინება შეძლებს თუ არა თამაშს".
ხვალინდელი მატჩი
ამ ნაკრებმა უკვე ბევრი რამ დაამტკიცა, ისიც, რომ მიუხედავად ხვალინდელი შედეგისა, ეს გუნდი უკვე შედგა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდული ნაკრებების ისტორიაში. ისევე, როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც. ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ურთულეს თამაშში შევძლოთ და დავაფიქსიროთ ის შედეგი, რომელიც გვჭირდება, დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. აქედანაც მინდა, ბიჭებს მოვუწოდო, რომ მიუხედავად შედეგისა, მინდა, ვნახო ის გუნდი, რომელიც ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში გვყავდა. ის სტილი, ფილოსოფია და მენტალური მდგომარეობა, რომელიც სულ გვქონდა და სწორედ ეს მინდა ვნახო. ამისთვის ყველაფერი კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავიღებთ, დანარჩენი ხვალ გამოჩნდება. ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი კომპონენტია, ფსიქოლოგიური, სუფთა ტაქტიკური, მაგრამ მთავარი ახლა მაინც არის რწმენა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებში საკმაოდ ჭარბადაა და რომელსაც ფეხბურთელებს თავიდანვე ვუნერგავთ, როცა ისინი გუნდში მოდიან. ეს რწმენა უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესში სიტუაციას ვასწორებთ. ყოფილა შემთხვევები, როცა ვერ გამოვასწორეთ, მაგრამ ხშირად მაინც ისე მუშაობს და მეორე ტაიმები ბევრჯერ მოგვიგია".
თამაშის გეგმა
"პორტუგალია მოედანზე მოსაგებად რომ გავა, ეს გასაკვირი არაა, მაგრამ ჩვენი სურვილიც და ჩანაფიქრიც იგივეა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთიდან ყველაფერი ან არაფერი - საკითხს ასე უნდა მივუდგეთ. წარმატებისთვის ძალიან ბევრი სწორად გათვლილი დეტალი გვჭირდება".
ორი განსხვავებული ემოცია
"ორი განსხვავებული იყო ემოცია საფრანგეთთან, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფაქტობრივად გასულები ვიყავით ჯგუფიდან და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლაზე, არამედ ძალიან დიდ შედეგზე. თუმცა, ვიმეორებ, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. საკმაოდ დეტალურად და ზუსტად გავაანალიზეთ საფრანგეთთან მატჩის ბოლო წუთები, გვქონდა ბიჭებთან საუბარი, მწვრთნელებს ერთმანეთში, ყველამ ყველაფერი გაიგო და იცის. ველოდები ხვალ იმ დადებით ემოციებს, რომელიც გამოგვყვა საფრანგეთთან თამაშიდან, რადგან მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ თამაშს და სიტუაციას, რაც ბოლო წლებში მთლიანად ჩვენს გარშემო ხდება, მერწმუნეთ, რომ დადებითის და კარგის მეტს ვერავინ ვერაფერს იტყვის. თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზეც, ხოლო თუ ვინმე არ მეთანხმება და აქ არ არის, ის უბრალოდ ვერ ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გაკეთებული, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული. გვაქვს სტაბილურობა, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს და თაობებს, იმ თაობებს, რომლებიც ნაკრებში ამ ბიჭების შემდეგ მოვლენ, რადგან ეს არის რწმენა და გამარჯვებული მენტალიტეტი, საფეხბურთო ისტორია, რომელიც ამ დღეებში იწერება, იწერებოდა შარშან ზაფხულს და ორი წლის წინაც ზაფხულში. მთავარი ისაა, რომ კიდევ აქ ვართ და კიდევ ვაპირებთ, რომ ხშირად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე".
დაცვაში თამაში და ლუკა ხარატიშვილი
"არსებობს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თავდაცვის დროს სხვა რამეზე ფიქრობს გარდა თავის დაცვისა? რა თქმა უნდა, ჩვენც გვიწევს. პოლონეთთან არ იყო ეს სურათი, ზეპირად არ ვსაუბრობ, დეტალებში მაქვს სტატისტიკა, როგორი თამაში იყო. საფრანგეთთან დაცვაში უფრო მეტად მოგვიწია დაცვაში თამაში და მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, საფრანგეთს რომ ეთამაშა უფრო მეტად დაცვაში. ხშირად აღვნიშნავ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხარატიშვილი ჩვენი გუნდის ნაწილია, ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ზოგადად, მეკარეები გუნდის მთავარი ხერხემალი არიან. მყარი მეკარე უკვე იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბევრი დადებითი რამ არსებობს. გეთანხმებით, ძალიან კარგად თამაშობს, ეს სეივებიც ამაზე მოწმობს, ხოლო დაცვაში თამაშს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვითამაშებთ. ხშირად რეალობას სწორად ვერ აღვიქვამთ. აქ იმიტომ ვართ, რომ მიწაზე მყარად ვდგავართ და ამ ყველაფრის საწყისი ისაა, რომ რეალობის შეფასება სწორად ხდება, ანალიზის ხარჯზე ხდება ეს, სპონტანურად არ ვსაუბრობ. მერწმუნეთ, არ არის მარტივი, როცა ვეთამაშებით ტოპგუნდებს, ტოპფეხბურთელებს, შესაძლოა, მეორე მხრიდან ეს ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურად ურთულესია. ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს ბიჭები, მიუხედავად ხვალინდელი შედეგისა, უკვე არის ის თაობა, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია, დიდ წარმატებას, არ მაქვს საუბარი საპრიზო ადგილებზე, არამედ რწმენაზე, რომელსაც ეს თაობები იმ ბავშვებში აჩენს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში და რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება და იზრდება ამათ მაგალითზე".
შესაძლებლობებზე მეტის გაკეთება
"გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს შეჩვეული არაა, მაგრამ ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ ყველაფრის დავიწყება, თუნდაც უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ დღეს ასეთი სურათი გვაქვს, თუ ვსაუბრობთ, რომ ასეთი დონის გუნდებს უნდა მოვუგოთ, ეს არის საკუთარ თავზე მაღლა ახტომა და ვეცდებით, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია ჟილინადან