ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია და ამ ტიტულის მეოთხედ მოპოვებასთან ნაბიჯშია.
81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკი, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი და ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს შეხვდა, რომელსაც ასეე აჯობა და ფინალში გავიდა.
გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, ერთხელ ვერცხლიც აქვს მოპოვებული. ასე რომ, მეოთხე ოქროს შეუტევს, მეხუთე მედალი კი გაინაღდა. ფინალში ტატოს მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი იქნება.
დღესვე ამავე წონაში ზაურ დვალაშვილი გამოდიოდა, რომელმაც შვეიცარიელი ორელინ ბონფერონი და კანადელი ფრანსუა დრაპო დაამარცხა, მაგრამ დომინიკელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.
ქალთა შორის, 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში ჩინელ ჯინ ტანთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ჯერჯერობით, ერთადერთი ოქროს მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.