ფეხბურთი

22:06 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის მწვრთნელი: "ნამდვილად ვაფასებ იმ ვნებას, რომლითაც ქართველები თამაშობენ"
"ეს არის გუნდი, რომელიც მხოლოდ თავდაცვით არ შემოიფარგლება, გოლებიც ხშირად გააქვს"

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ ორგანიზებული გუნდია:

„საქართველომ წინა ევროპის ჩემპიონატზე დაგვამარცხა, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა. ბურთით თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. საქართველოს ძალიან საინტერესო მაჩვენებლები აქვს, ბოლო 13 თამაშში მხოლოდ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ეს არის გუნდი, რომელიც მხოლოდ თავდაცვით არ შემოიფარგლება, ისინი ხშირად იტანენ გოლებს, რაც ადვილი არ არის. ეს გააკეთეს ჯგუფის სხვა ორ გუნდთან. მათ რამდენიმე წუთი დააკლდათ მეოთხედფინალამდე და ეს თამაში აღარ დასჭირდებოდათ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როცა ეს აუცილებელია და გარკვეულ სიტუაციებში ჩვენი ხარისხი გამოვავლინოთ.

2023 წლის საქართველო და ეს გუნდი? ძალიან მსგავსი გუნდებია, თამაშისადმი დიდი ვნებითა და უზარმაზარი გულით. ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც მეც მომწონს. მწვრთნელი იგივეა და ეს თაობაც ინარჩუნებს ამ მახასიათებლებს. ტექნიკური თვალსაზრისით, თანაბარი გუნდებია, გუნდები, რომლებიც სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მსგავსი გუნდები არიან. ინდივიდუალურ დონეზე, მათ შესანიშნავი დონის მოთამაშეები ჰყავთ და ნამდვილად ვაფასებ იმ ვნებას, რომელსაც თამაშში დებენ.

ფრეზე თამაში? ეს კითხვა ხშირად ჩნდება, მაგრამ გასახდელზე არ აისახება. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ორი შედეგი გვაწყობს, მაგრამ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ერთ ღამეში არ იცვლება. ეს აზროვნების წესია, რომელიც დიდი ხანია არსებობს და არ შეგვიძლია ამის შეცვლა ერთი თამაშიდან მეორემდე. მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი დონე, ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, თამაშის დროს არის კონკრეტული სიტუაციები, როდესაც ფრემ შეიძლება სხვაგვარად მოქმედებისკენ გიბიძგოს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე დეტალებში აისახება და არა იმაში, თუ როგორ ვუდგებით თამაშს, ჩვენს გუნდში ასეთი საფრთხე არ არსებობს“, - თქვა რუი ჟორჟემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.100696