16-17 ივნისის ღამეს 2025 წლის ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე C და D ჯგუფების პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ მაიამიში 2:0 უგებდა პორტუგალიურ „ბენფიკას,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. „ბოკადან“ გოლები ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიგელ მერენტიელმა და არგენტინულ-იტალიელმა ნახევარმცველმა როდრიგო ბატალიამ გაიტანეს.
45-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა ანდერ ერერამ წითელი ბარათი მიიღო მოედანზე არყოფნისას. მატჩის ბოლოს კი არგენტინელი მცველი ნიკოლას ფიგალი უხეში ჯარიმისთვის გააძევეს.
„ბენფიკას“ მხრიდან თავი არგენტინელმა თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ და მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ გამოიჩინეს. 70-ე წუთზე ლისაბონელთა იტალიელმა თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ წითელი ბარათი მიიღო.
C ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასეთია: კვარტეტს „ბაიერნი“ ლიდერობს (3 ქულა), შემდეგ მოდიან „ბენფიკა“ და „ბოკა ხუნიორსი“, რომლებმაც თითო ქულა დააგროვეს, ხოლო „ოკლენდ სიტი“ (0) მეოთხე ადგილზეა.
D ჯგუფის მატჩში, ფილადელფიაში, ბრაზილიური „ფლამენგო“ ტუნისურ „ესპერანსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის გოლები ურუგვაელმა ხეორხიან დე არასკაეტამ და ბრაზილიელმა ლუის არაუჟომ გაიტანეს , რომელმაც ასევე საგოლე გადაცემაც შეასრულა. ახალწვეულმა ჟორჟინიომ, რომელიც „ფლამენგოში“ ამ ზაფხულს „არსენალიდან“ გადავიდა, ასევე ასისტი მიითვალა.
ჯგუფს 3-3 ქულით „ჩელსი“ (რომელმაც მანამდე „ლოს ანჯელესი“ 2:0 დაამარცხა) და „ფლამენგო“ ლიდერობენ. „ლოს ანჯელესი“ და „ესპერანსი“ ჯერჯერობით უქულოდ არიან.