საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ გაძევებამ თამაში გაართულა.
„გულშემატკივარი სამივე მატჩის განმავლობაში გვამხნევებდა და მადლობას ვუხდით. ცუდია, რომ ჯგუფიდან ვერ გავედით, მაგრამ ამ გუნდში ბევრი ვისწავლე, ძალიან კარგი ბიჭები არიან და ძალიან მიხარია, რომ გუნდის ნაწილი ვიყავი. თამაშის წინ კარგი გეგმა გვქონდა, მაგრამ მესამე წუთზე წითელი ბარათის შემდეგ თამაში ძალიან გართულდა, რადგან პორტუგალიას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს. ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ დღეს ჩვენი დღე არ იყო“, - თქვა იეგოიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
სოფო ერქვანია ჟილინადან