ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის წილისყრა შეაფასა და მეტოქის, „ორდაბასის“ შესახებ ისაუბრა. გერმანელის განცხადებით, შანსი თანაბარია:
„შანსს თანაბრად შევაფასებდი. „ორდაბასი“ ყაზახეთში ძალიან კარგი გუნდია, წელიწადნახევრის წინ ჩემპიონიც გახდა, შესაბამისად, კარგი გუნდი იქნება. თუმცა ისიც ვიცი, რომ წელს ჩვენი მეტოქე არც ისე კარგად გამოიყურება. მათ ჩვენსავით პრობლემები აქვთ და სატურნირო ცხრილის შუაში არიან. ორივე მსგავს სიტუაციაში ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია. ყაზახეთში ზაფხულში ძალიან ცხელა, ორი დაძაბული მატჩი გველოდება, რომელიც იმედია, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
გვინდა, რომ ბათუმში სუპერთასამდე და ევროტურნირებამდე კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიაროთ. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი. ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რამდენიმე ახალწვეული გვყავდეს“, - თქვა შუსტერმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ორდაბასის“ 10 ივლისს უმასპინძლებს და 17 ივლისს ესტუმრება. 2019 წელს „ტორპედო“ ამ ყაზახურ გუნდთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.