საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ახალგაზრდული ნაკრების სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სლოვაკეთში ჩამოვიდა და ბოლომდე გვქომაგობდა; ყველა იმ ადამიანს, ვინც სახლიდან შორს წამოსულებს, საქართველოდან გვამხნევებდა და ბოლომდე სწამდა ჩვენი წარმატების.
მადლობა ჩვენი ეროვნული გუნდების ხელმძღვანელობას, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განვლილ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხარში გვედგა.
ჩვენ ფეხბურთელებს კი განვლილი 2-წლიანი ციკლისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით და თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო!”, - აღნიშნა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.