„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა შემტევი ნახევარმცველის, რაიან შერკის, პირველი მატჩის შესახებ და აღნიშნა, შეუძლია თუ არა ფრანგს გუნდში კევინ დე ბრუინის ჩანაცვლება.
„რა თქმა უნდა, კევინის ჩანაცვლება რთულია, ეს მისი თვისებებიდან გამომდინარე ვიცით. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ამავდროულად, კლუბმა გადაწყვიტა რაიანის შეძენა, რადგან მას საჯარიმო მოედნის მახლობლად წარმოუდგენელი უნარები აქვს, შესანიშნავი პასის გრძნობა და ბევრი სხვა რამ. ეს მისი პირველი თამაში იყო ძალიან, ძალიან რთულ პირობებში. ბედნიერი ვარ, რომ ის აქ არის“, - ციტირებს ესპანელის სიტყვებს RMC Sport.
ჟორჟ მიქაუტაძის აწ უკვე ყოფილი ლიონელი თანაგუნდელი შერკი „მანჩესტერ სიტის“ 36,5 მილიონ ევროდ შეუერთდა. გასულ სეზონში მან „ლიონში“ ყველა შეჯიბრში 12 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მაროკოული „ვიდადი“ 2:0 დაამარცხა. შერკისთვის ეს შეხვედრა ახალ კლუბში სადებიუტო გახლდათ.