ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო, რომელსაც გასულ ოთხშაბათს მადრიდის „რეალში“ დებიუტი ჰქონდა, 21-ე საუკუნეში მესამე მწვრთნელი გახდა, ვინც „სამეფო კლუბის“ სათავეში სადებიუტო მატჩში ფრედ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რაუნდში მადრიდელებმა „ალ-ჰილალთან“ მატჩი ანგარიშით 1:1 დაასრულეს.
სტატისტიკური პორტალის, Opta Sport-ის ცნობით, „რეალმა“ პირველი მატჩები ფრედ ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით 2010 წელს (0:0 „მალიორკას“ წინააღმდეგ) და რაფაელ ბენიტესის თავკაცობით 2015 წელს (0:0 „ხიხონის“ წინააღმდეგ) დაასრულა.
მანამდე მსგავსი რამ მხოლოდ 1996 წელს მოხდა, როდესაც ფაბიო კაპელოს „ლოს ბლანკოსმა“ ლა ლიგის მატჩში „დეპორტივოსთან“ (1:1) ერთი ქულა მოიპოვა.