ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ირაკლი იეგოიანია.
სეზონის მერვე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა „გრააფსხაპის“ კარი საოცარ სტილში, საჯარიმოს გარედან მაკრატელა დარტყმით დალაშქრა. ერსტე დივიზიონის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ირაკლის გოლს ყველაზე მეტი ხმა ერგო.
„ახლა, როცა ამ გოლს ვხედავ, კარგი ჩანს... უბრალოდ ასე დავარტყი, არ მიფიქრია, ბავშვობაში უფრო ხშირად მიცდია მსგავს სტილში დარტყმა. ცოტა უნდა გაგიმართლოს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, რადგან ბურთი ხარიხიდან კარში აღმოჩნდა, მაგრამ კარგი გოლი იყო. უკეთესი "მაკრატელები" მინახავს, მაგალითად, იბრაჰიმოვიჩმა ინგლისს რომ გაუტანა. ასეთი გოლებისგან შეგიძლია ისწავლო“, - თქვა ირაკლიმ.
20 წლის ქართველი შემტევი სავარაუდოდ, მომდევნო სეზონსაც არნემის ვიტესში გაატარებს:
„როგორცა ახლა ჩანს, მომდევნო სეზონში ვიტესში ვითამაშებ. კონტრაქტი მაქვს, კლუბის შესახებ პოზიტიური სიახლეები გავიდა და მიხარია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მშვენიერი მომენტი იყო. სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით. საფრანგეთთან კარგად ვითამაშეთ და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ, 2:3 წავაგეთ. პორტუგალიასთან კი, 80 წუთზე მეტი 10 კაცით ვითამაშეთ“, - თქვა მან.
ირაკლი იეგოიანმა ერსტე დივიზიონის გასულ სეზონში 36 მატჩში თავი 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.