"პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ "ბოტაფოგოსთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, პარიზელთა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა და მატჩი შეაფასა.
"რთული თამაში გამოვიდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად ითამაშა. მიუხედავად ყველაფრისა გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა ბედნიერები ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. ხან მოიგებ, ხან წააგებ. ვიცით, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ყველა კარგი გუნდია და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, მთავარია შემდეგ მატჩზე უფრო მეტი კონცენტრაცია მოვახდინოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. ყოველთვის მოედანზე ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ, თუმცა დღეს ეს არ გამოგვივიდა. "ბოტაფოგო" უფრო ენერგიული და მონდომებული იყო, ამიტომ მოგება დაიმსახურეს."
"პარი სენ-ჟერმენში" გაცილებით მეტი სივრცეები მეძლევა და მეტოქესთან ერთი-ერთზე ხშირად ვრჩები, ამის გამო ბედნიერი ვარ. იტალიაში საფრანგეთის ჩემპიონატზე ბევრ რამეს ამბობდნენ, თუმცა როდესაც აქ გადმოვედი მივხვდი, რომ დიდი განსხვავება არ არის. აქ ყველა გუნდი ცდილობს, რომ შეუტიოს, იტალიაში კი, მთავარი მწვრთნელები დიდ აქცენტს ტაქტიკებზე აკეთებენ." - განაცხადა კვარაცხელიამ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ტურის შემდეგ B ჯგუფს "ბოტაფოგო" 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე-მესამე ადგილებს პსჟ და "ატლეტიკო" 3-3 ქულით იყოფენ. პარიზელები ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერ "სიეტლის" შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ. გუნდებს შორის დაპირისპირება 23 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.