საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორია დაწერეს და შერეული შემადგენლობით პირველად მოიპოვეს ოქროს მედალი.
ფინალში საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა. პირველი ბრძოლა ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა წააგო, მაგრამ ამის შემდეგ ქართველი ძიუდოისტები უბრალოდ შეუდარებელნი იყვნენ!
ეთერ ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ლაშა ბექაურმა თავიანთი შეხვედრები იპონით, ბრწყინვალე სტილში მოიგეს და ისტორია დაწერილია.
საქართველოს ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი შერეული შემადგენლობით. ოთხივე შეხვედრაში ნაკრები დომინანტი იყო, სულ ოთხი ბრძოლა დათმეს, ისტორიაში პირველად იაპონიაც დაამარცხეს.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა, გამარჯვებები მარიამ ჭანტურიამ, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ხოლო სოფიო სომხიშვილმა მარცხი განიცადა.
მეოთხედფინალში ძალიან ადვილად აჯობა იტალიას - 4:0. თავიანთი ბრძოლები ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს.
კულმინაცია იყო ნახევარფინალი, რომელშიც საქართველომ იაპონიას აჯობა! შეხვედრა სოფიო სომხიშვილის მარცხით დაიწყო, რასაც გურამ თუშიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის და მიხეილ ბახბაბახაშვილის გამარჯვებები მოჰყვა და დავწინაურდით (3:1), შემდეგ მარიამ ჭანტურია დამარცხდა და იაპონელებმა სხვაობა შეამცირეს. მე-6 ბრძოლა იყო შარშანდელი ოლიმპიადის ფინალის გამეორება, რომელშიც ლაშა ბექაურმა სანშირო მურაო დაამარცხა. როგორც მაშინ, ახლაც, მურაო იგებდა ვაზარით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ლაშამ იპონით გაიმარჯვა - 4:2. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო.