„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ ბედნიერია, იტალიის ჩემპიონობაში თავისი წვლილი რომ შეიტანა.
„მე და ჩემი ოჯახი ბოლონიას პირველივე დღიდან საკუთარ სახლად მივიჩნევთ. ეს ქალაქი, ეს გულშემატკივრები, ეს გუნდი - ყველა, ვისაც ბოლონიაში კალათბურთი უყვარს, იმსახურებდა ამ სკუდეტოს და მიხარია, რომ მის მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.
მეოთხედფინალის მეხუთე მატჩი იყო გარდამტეხი. ეს შეხვედრა არც უნდა მეთამაშა, მაგრამ ივანოვიჩი მენდო. მადლობა ღმერთს, რადგან ტრავმირებულმა ვითამაშე და შეიძლებოდა, უარესი შედეგი მოჰყოლოდა. როცა მატჩს ვაგებდით, ვფიქრობდი: ‘არ შეიძლება ყველაფერი მეოთხედფინალში დასრულდეს“. ნახევარფინალში „მილანოსთან“ საკუთარ თავს ვეუბნებოდით, რომ გამარჯვების დრო იყო.
ეს სკუდეტო 100%-ით აკილე პოლონარას ეძღვნება. ის მებრძოლია, შესანიშნავი ადამიანია. როდესაც მისი დაავადების შესახებ გავიგეთ, განადგურებულები ვიყავით, ენერგია ნულზე გვქონდა, მაგრამ არ გვიფიქრია ტიტულის ვერმოგებაზე, აჩის წინაშე ვალში ვიყავით. სწორედ ამიტომ მივუტანეთ თასი, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ის თავის ბრძოლას მოიგებს“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ფინალურ სერიაში „ბრეშასთან“ საშუალოდ 25 ქულას, 7.3 მოხსნას და 4.6 პასს აგროვებდა. ქართველი ფინალის MVP-ად დასახელდა. შენგელია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს, რაც „ვირტუსის „პრეზიდენტმაც დაადასტურა.