ფეხბურთი

16:09 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "პორტუგალიასთან მატჩიდან 30 წუთში მივხვდი, რომ ეს ტურნირზე ჩვენი ბოლო მოგება იყო"
"კვარაცხელია საქართველოში ზიდანივითაა, მაგრამ ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა France Football-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველებზე ისაუბრა:

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ! ჩემი ჯილდო მათი ბედნიერი სახეების დანახვაა. ფეხბურთელებმა ეს ბედნიერება გელზენკირხენში გულშემატკივრებთან ერთად გაიზიარეს, მე კი გასახდელში დავბრუნდი. 30 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტურნირზე ჩვენი ბოლო გამარჯვება იყო. დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკურადაც და ემოციურადაც დაღლილები იყვნენ. ენერგიაც არ ჰქონდათ, ძრავაში საწვავი აღარ იყო. შემდეგ მეტოქე ესპანეთი იყო. თუმცა არ ვიყავი უკმაყოფილო იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი დასრულდა, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ.

მას შემდეგ, საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია, რადგან ფულს არავინ მახდევინებს. როგორც კი, ქვეყნისთვის რაიმე კარგს გააკეთებ, მთელი ცხოვრება ახსოვთ. გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატამდე ყველა დიდ სანაკრებო ტურნირებზე ქართველები სხვადასხვა ნაკრებებს გულშემატკივრობდნენ, შემდეგ კი, უცებ საკუთარ თავს უთხრეს: „ჯანდაბა, ჩვენ გერმანიაში ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მივდივართ“. ეს ყველაფერს ცვლის. ახლა ისინი იმ ფაზაშიც არიან, რომ ფიქრობენ, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით. ზღვარი არ არსებობს, მაგრამ ეს შესანიშნავია.

პორტუგალიასთან მატჩამდე ჩემს საუკეთესო ფეხბურთელთან, კვარაცხელიასთან საუბარი მქონდა. ის ცოტა შეწუხებული იყო, მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მწვრთნელო, თუ გინდა, რომ სათადარიგო სკამზე დამსვა, გავიგებ, ვიცი, რომ კარგ ფორმაში არ ვარ“. ვკითხე: „რატომ იყავი „ნაპოლიში“ მთელი სეზონი კარგ ფორმაში?“ მან მიპასუხა: „თავს თავისუფლად ვგრძნობდი, ახლა კი, მხრებზე ტვირთი მაწევს“.

კვარა საქართველოში ისეა, როგორც ზიდანი საფრანგეთში, მაგრამ ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი. ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს მეთაური. როგორც კი შევხვდი, რიბერის შევადარე, ფეთქებადობის, სპონტანურობისა და ინსტინქტის თვალსაზრისით. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ფრანგულმა კლუბებმა მისი შეძენა არ სცადეს, სანამ „ნაპოლიში“ გადავიდოდა. ერთადერთი „ნიცა“ იყო, რომელიც დაინტერესდა, მაგრამ მათ არც ისე სწრაფად იმოქმედეს“, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობს და მას კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.091748
სარეკლამო ადგილი - 99
X x X