ძიუდო

17:59 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი: "ახლა გოგონებმა იციან, რომ ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ"
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოლიმპიური მედალიც მქონდეს"

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ეთერ ლიპარტელიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ეხება.

ლიპარტელიანმა ქართული ქალთა ძიუდოს ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა შეძლო. ამის შესახებ მან თქვა:

„რადგან აქამდე ქალი არასდროს ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ამ ისტორიას ვწერ. მე ვიყავი პირველი ქალი, ვინც ევროპის მედალოსანი გახდა, პირველი, ვინც გრან პრიზე ოქრო მოიგო, გრან სლემის მედალოსანი, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონი, ამიტომ, მე ვაგრძელებ ქართული სპორტისა და ძიუდოს ისტორიის წერას“.

ლიპარტელიანი ამბობს, რომ აპრილში, ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგება მისთვის დამატებითი მოტივაცია და ბიძგი იყო, რამაც მსოფლიოს ოქროს მედლამდე მიიყვანა:

„რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად ვმუშაობდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მონტენეგროში ევროპის ფინალი წავაგე. ამის შემდეგ, მინდოდა მაქსიმალური ძალისხმევა გამომეჩინა. ჩემი თავდადებისა და ადრე გაკეთებული საქმეების გამო, ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ შესაძლებელი იყო ამ უმაღლესი შედეგის მიღწევა. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ჩემთვის მაქსიმუმი არ იყო. ეს დამატებითი მოტივაცია იყო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე. მინდოდა მსოფლიო ჩემპიონი ვყოფილიყავი და ეს შედეგი დამატებითი ბიძგი იყო. ვფიქრობდი, რომ შემეძლო ევროპის ჩემპიონი გავმხდარიყავი, მაგრამ წავაგე“.

ეთერი ამბობს, რომ წილისყრა არ აინტერესებდა და თავის ბადეს მხოლოდ შეჯიბრის დღეს გაეცნო:

„წინასწარ არც მონაწილეთა სიას და არც წილისყრას ვუყურებდი, არც იმას, თუ ვინ შეიძლებოდა მყოლოდა მეტოქედ, არაფერს. წილისყრა მხოლოდ შეჯიბრის დღეს დილით ვნახე. არც კი მიფიქრია იმაზე, თუ ვინ იქნებოდა იქ, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გამეცნობიერებინა, რომ ყველა უნდა დავამარცხო, ყველა, ეტაპის მიუხედავად და ვინც არ უნდა იყოს“.

ლიპარტელიანს ორჯერ, 2021 და 2024 წლებში მცირედი დააკლდა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა. ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი შეხვედრა წააგო. ქართველი ძიუდოისტი ამ წაგებებს ახლაც ვერ ივიწყებს:

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამაზე საუბარიც მიჭირს, ახლაც კი. როდესაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლებს ვიხსენებ, ეს დამარცხებები ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ ყოველი წაგება მომავლის რწმენას მაძლევს. თუ წაგების ტკივილს ნამდვილად არ გრძნობ, შესაძლოა, ბოლომდე ვერასდროს გაიაზრო ის სიხარული, რაც საუკეთესო მომენტებს მოჰყვება. ეს სპორტის რეალობაა“.

მთავარი მიზანი სწორედ ოლიმპიური მედალია. ლიპარტელიანიც მისკენ მიიწევს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მიზანს მიაღწიოს:

„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ ვიასპარეზო და მეტი ევროპული და მსოფლიო მედალი მოვიგო. მთავარი მიზანი ლოს ანჯელესის ოლიმპიადაა. მინდა იქ მედალი მქონდეს. ახალი თაობა უკვე ადევნებს თვალყურს ჩემს შედეგებს და მოხარული ვიქნები, თუ ისინიც წარმატებას მიაღწევენ. ყველაფერს გავაკეთებ მათთვის და მოტივაციას მივცემ, რომ განაგრძონ მუშაობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონი ვარ და მინდა, რომ პირველი ოლიმპიური ჩემპიონიც ვიყო. გოგონებმა ახლა იციან, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება“.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. მან სულ 9 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის, 8 იპონით.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089925