ჯონ ჯონსის ეპოქა დასრულდა. 37 წლის ლეგენდარულმა მებრძოლმა კარიერის დასრულება ოფიციალურად გადაწყვიტა.
ინფორმაცია UFC–ს პრეზიდენტმა დანა უაითმა ბაქოში გამართული ღონისძიების შემდეგ დაადასტურა. მისი თქმით, ჯონსმა მძიმე წონითი კატეგორიის ქამარი ვაკანტური დატოვა, რის შემდგომაც სრული ჩემპიონის სტატუსი ტომ ასპინალმა ავტომატურად მიიღო.
"ჯონ ჯონსმა გუშინ ღამით დაგვირეკა და ოფიციალურად პენსიაზე გავიდა. ტომ ასპინალი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია. ცხადია, ვწუხვარ ტომის გამო, მან ამდენი დრო და ფული დაკარგა, მაგრამ ჩვენ ამას ავანაზღაურებთ.
ასპინალი კარგი ბიჭია. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში რაც გავიარეთ, მზად იყო ყველაფრისთვის - ებრძოლა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ახლაც ასე ამბობს, ნებისმიერთან ვიბრძოლებ. ის ჩვენთვის შესანიშნავი მძიმე წონის ჩემპიონი გახდება და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას", - განაცხადა დანამ.
ასპინალი და UFC ამ კვირაში ლას-ვეგასში შეხვდებიან, რათა შემდეგი ნაბიჯები განიხილონ. ტომმა დროებითი ქამარი მოიპოვა და კურტის ბლეიდსთან დაიცვა. ინტერიმ ჩემპიონის სტატუსში 589 დღე გაატარა, რაც სპორტში აბსოლუტური ანტირეკორდია.
28:1-ზე ეს ის მოგება-წაგების ბალანსია, რომელიც ლეგენდარულ ჯონ ჯონს კარიერის განმავლობაში დაუგროვდა. ის Heavyweight-ში UFC–ს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი 23‑ის ასაკში გახდა. 2 წონითი კატეგორიებიდან იგებდა ტიტულს და ჰქონდა 16 დაცვა. ერთადერთი წაგება კი დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს.
ჯონსის ბოლო ბრძოლა 2024 წლის 16 ნოემბრით თარიღდება, როდესაც მედისონ სქვერ გარდენში სტოპე მიოჩიჩი დაამარცხა და მძიმე წონის ქამარი დაიცვა. ვაკანტური ტიტული კი 2023 წლის მარტში მოიგო. შემდეგი ბრძოლა ასპინალის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, პირობა არ შეასრულა.
ყველაფერთან ერთად, ჯონსის მემკვიდრეობა სირთულეებით სავსეა: განხილვები, იურიდიული პრობლემები, საერთაშორისო თუ ანტიდოპინგური სკანდალები და ბრალდებები ასპინალის წინააღმდეგ ბრძოლისაგან თავის არიდებაზე - ყველაფრის მიუხედავად ჯონსი MMA-ს ისტორიას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლის სახელით შემორჩება.
MMA-ს სამყაროს კი გაახსენდება გამარჯვებები ისეთი ლეგენდების წინააღმდეგ:, როგორებიც დანიელ კორმიე, ლუოტო მაჩიდა, ქუინტონ რამპეიჯ ჯექსონი, გლოვერ ტეიშეირა იყვნენ.