ფეხბურთი

9:35 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო მუზეუმები სამხრეთ ამერიკაში

თუ გინდა საოცარი საფეხბურთო მუზეუმები ნახო, სამხრეთ ამერიკას უნდა ეწვიო. წლეულს მხოლოდ სამ ქალაქში - სან პაულუში, ბუენოს აირესსა და მონტევიდეოში მომეცა იქაური, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საფეხბურთო მუზეუმების ნახვის საშუალება და პირდაპირ შეიძლება ითქვას: გასაოცარია ამ სამი ქვეყნისა და ქალაქის მკვიდრთა უზომო პატივისცემა და ზოგადად დამოკიდებულება ძველი ლეგენდებისადმი.

„ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმში“

სან პაულუში ძალიან მომეწონა და ვისურვებდი, ჩვენთანაც გვენახოს ხალხით, კონკრეტულად კი, ახალგაზრდებით სავსე საფეხბურთო მუზეუმი. ჭაბუკთა კლუბების მესვეურები წინასწარ ეწერებიან მუზეუმებში, რათა მოზარდებმა გაიცნონ წარსულის ლეგენდები, ნახონ მათი ამუნიცია, მოისმინონ ისტორიები ძველ და ლეგენდარულ თამაშებზე. ეს კიდევ უფრო მეტად უღვივებს ბავშვს ფეხბურთის, განსაკუთრებით კი, ბრაზილიური ფეხბურთის სიყვარულს.
მხოლოდ სან პაულუში ათამდე საფეხბურთო მუზეუმი არსებობს, რაც სხვა ყველაფერთან ერთად იმაზეც მეტყველებს თუ როგორ აფასებენ ამ ქვეყანაში წარსულს და როგორ დიდ პატივს სცემენ სპორტის ლეგენდებს.


რას არ ნახავდა ადამიანი „ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმში“, რომელიც ერთ დროს კლუბ „სან პაულუს“ მთავარ არენად ცნობილ, ძველ, აწუკვე გაუქმებული სტადონის ადმინისტრაციულ შენობაშია მოწყობილი და რომელიც ფეხბურთის მეფეს - პელეს გაუხსნია 1995 წელს. უხვადაა აქაურ მობურთალთა სულ პირველი მაისურები და ბუცები, პირველი ბურთები, ფეხბურთელთა თუ მწვრთნელთა ფოტოები და სპორტული ამუნიცია. ციფრული ტექნოლოგიით საშუალება გეძლევა ეკრანზე ხელის ერთი დადებით მონიშნო და უყურო (უსმინო) პელეს და გარინჩას, ამარილდოს და ედერის, ტოსტაოსა და ლუის ნაზარიო რონალდოს ხმასა და ინტერვიუს.

გამოფენილი იყო აბსოლუტურად ყველა ბრაზილიური კლუბის (მათ შორის იმ კლუბების, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ) დროშები, კაშნეები და საქომაგო აქსესუარები, ძველი წიგნები და ძველი გაზეთებიდან ხარისხიანად „ამოჭრილი“ სტატიები. წარმოდგენილი გახლდათ რამდენიმე ასეული ბრაზილელი ფეხბურთელის ხელმოწერა, რაც ქომაგთა გარკვეულ კატეგორიას ძალიან უყვარს და ესათუთება.

ბუენოს აირესში „ესტადიო დიეგო მარადონაზე“

ბუენოს აირესში საშუალება მომეცა მენახა საფეხბურთო კლუბ „არგენტინოს ხუნიორსის“ საკლუბო მუზეუმი, სადაც ასევე ორი ოთახი სახელდობრ მარადონას მუზეუმს ეთმობა, სტადიონ „დიეგო მარადონას“ სამხრეთ ტრიბუნის ქვემოთ კი „დიეგოიანელთა სექტის“ტაძარია, სადაც ყავლგაუსვლელი წესია, რომ ყველა ადამიანი ერთ რამე ნივთს ტოვებს (დიეგოს სწირავს), რადგან სჯერათ რომ „სენტ დიეგო“ ერთ სურვილს ყველას უსრულებს, ვისაც არგენტინა ნამდვილად უყვარს.

მუზეუმში საკუთარი თვალით იხილავთ არგენტინის როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთის მიერ განვლილ რთულ, ეკლიან, თუმცა დაუჯერებლად საინტერესო გზას. მუზეუმის გონიერ თანამშრომლებს ერთ დიდ კედელზე გამოუფენიათ ის ნივთები, რომლებიც სტადიონზე გადარეულმა ქომაგებმა ისროლეს. რას არ ნახავთ ამ ნივთთა შორის - ქვებს ბოთლებს, ჭიქებს, დასაკეც დანებს და დიდ სადღესასწაულო თეფშსაც კი, რომელიც გაუგებარია, ჯერ როგორ შეიტანეს სტადიონზე და მერე როგორ არ გატყდა ტრიბუნიდან გასროლის შემდეგ.

აქვე ვნახეთ „არგენტინოსის“ ძველი ლეგენდების (ცხადია პირველყოვლისა მარადონას) მაისურები, ბუცები, ბავშვობის თუ უკვე ვარსკვლავობის ეპოქის ფოტოები და ყველა ის თასი, რაც ამ კლუბს მოუგია.

ადგილობრივმა გიდმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამ კლუბის ორი მთავარი ლეგენდა - მარადონა და ხუან რომან რიკელმე მათმა მომტერნე „ბოკა ხუნიორსმა“ მიითვისა, თორემ სწორედ მათ გაზარდეს ეს ბიჭები და „ესტადიო დიეგო მარადონას“ წითლად ახასხასებულ კედლებში დაფრთიანდა არგენტინული და არამხოლოდ არგენტინული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი.

მუზეუმი ლეგენდარულ „სენტენარიოზე“

მონტევიდეოში, იქაურ ეროვნულ სტადიონზე, რომელსაც „სენტენარიოდ“ უხმობენ, ურურგვაის ფეხბურთის დიდების მთავარი მუზეუმი დაგვხვდა. ძველ, ხის ჭრიალა კარში შედიხარ და რა გასაკვირია, კედლიდან დიდებული ჯიგა (იგივე ჯიგეა) გიღიმის, რომელმაც 1950 წელს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ფინალში გადამწყვეტი გოლი გაუტანა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს და ურუგვაი 1930 წლის შემდეგ მეორედ გააჩემპიონა. თან სად? შიგ მარაკანაზე!


„სტადიო სენტენარიო“, რომელზეც როგორც გითხარით ურუგვაის მთავარი საფეხბურთო მუზეუმი მდებარეობს, საფეხბურთო კლუბ „პენიაროლის“ საშინაო არენაა. იყო დრო, როდესაც „პენიაროლის“ მოსისხლე „ნასიონალიც“ აქ აგორებდა ბურთს. ამიტომ, მუზეუმში ცალკე სივრცე ეთმობა ურუგვაის საკლუბო ფეხბურთის ისტორიას და საკუთარი თვალით რომ არ გქონდეს ნანახი აქაური კლუბებს ფინანსური სიდუხჭირე, შეიძლება ირწმუნო, რომ მსოფლიოში საუკეთესო ეროვნულ პირველობაზე გესაუბრებიან.

ძველი თუ ახალი ფოტოები და პლაკატები, ლეგენდათა მაისურები, დიდ ეკრანებზე ნაჩვენები დაუვიწყარ მატჩთა მომენტები, ურუგვაელ ქომაგთა ემოციები გამარჯვებებისა თუ გულსატკენი დამარცხებები შემდეგ, ევროპაში წარმატებულად მობურთალი თანამედროვე ვარსკვლავები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მართლაც რომ დიდებული კოლექციისა, რასაც ამ მუზუემში ნახავთ. მუზეუმიდან სტადიონზეც გამოდის კარი და შეგიძლია „სენტენარიოს“ მრავლისმახველ ტრუბუნაზე ჩამოჯდე და იფიქრო იმ გარდასულ დღეებზე, რაც ამ არენას უნახავს და ახსოვს.
მართლაც რომ საოცარია სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო მუზუემები. საოცარია უპირველესად იქაური ხალხის სიყვარული იმ ყოველივესადმი, რაც ფეხბურთს - მათ მთავარ ეროვნულ სიამაყეს უკავშირდება.

ბრაზილიაშიც, არგენტინასა და ურუგვაიშიც ფეხბურთი სხვადასხვა გზით განვითარდა და ახლაც მათი ფინანსური შესაძლებლობები და შესაბამისად სათამაშო დონე განსხვავებულია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული და ლეგენდების პატივისცემა არც ერთ ქვეყანაში ეშლებათ. ოკეანის გაღმა დიდი ფეხბურთის ფასი ნამდვილად იციან!

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098274
სარეკლამო ადგილი - 99
X x X