გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ახალი სეზონისთვის მზადების პროცესს იწყებს, დღეს გუნდის ახალი მწვრთნელი პაულო პეცოლანო შვებულებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს შეხვდა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
"კარიერის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში მითამაშია, თუმცა ინგლისი ფეხბურთის სამშობლოა. უოტფორდი არის კლუბი, რომელსაც დიდი ღირებულებები და გულმხურვალე გულშემატკივრები გააჩნია, რაც უდიდეს მოტივაციას მაძლევს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას."
"პირველი კვირა მთლიანად ტესტირებასა და დახვეწას ეძღვნება, მეორე კვირაში სრულად ჩავუღრმავდებით ფიზიკურ და ტაქტიკურ სამუშაოს.თავიდანვე მინდა ფეხბურთელებს გადავცე, რომ ამბიციურები უნდა ვიყოთ. მათ მოედანზე ყველაფერი უნდა გაიღონ და გაიგონ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას." -განაცხადა პეცოლანომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის 2024-2025 წლების სეზონი "უოტფორდმა" მე-14 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მან გასულ სეზონში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ფეხის თითი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა, თუმცა, უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.