„პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ამ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.
ლუის ენრიკეს გუნდმა „ბოტაფოგოსთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა და მასპინძელი „სიეტლ საუნდერსი“ ადვილად, 2:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, კლასში სხვაობა უდიდესი იყო.
პსჟ 35-ე წუთზე კვარაცხელიას გოლით დაწინაურდა, რომელიც ცოტა უცნაური გამოდგა: ვიტინიამ დაარტყა შორი მანძილიდან, ბურთი ზურგში მოხვდა კვარას, რომელიც ცდილობდა ბურთი აეცილებინა... საბოლოოდ, ზურგში მოხვდა და კარში აღმოჩნდა. ვინაიდან, ვიტინიას დარტყმა კარში არ მიდიოდა, გოლი სამართლიანად ხვიჩას ჩაეთვალა და ეს პირველი ქართული გოლია ამ ტურნირის ისტორიაში. კვარაცხელია 64-ე წუთამდე იყო მოედანზე.
პარიზელებმა უპირატესობა 67-ე წუთზე გაზარდეს, ბრედლი ბარკოლას პასით აშრაფ ჰაკიმიმ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 28 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში A ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება, რომელიც დიდი შანსია, ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ იყოს.
ზოგადად, B ჯგუფში პსჟ-მ, „ბოტაფოგომ“ და „ატლეტიკომ“ 6-6 ქულით დაასრულეს გამოსვლა. ბოლო ტურში დიეგო სიმეონეს გუნდმა 1:0 აჯობა ბრაზილიურ კლუბს. საბოლოოდ, პსჟ პირველია, „ბოტაფოგო“ მეორე, ხოლო „ატლეტიკოს“ მესამე ადგილი ერგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
საქმე ისაა, რომ სამივე გუნდში დაითვალა ურთიერთშეხვედრების ბურთების ბალანსი, რომელიც პსჟ-ს 4:1-ზე ჰქონდა, „ბოტაფოგოს“ 1:1-ზე, ხოლო „ატლეტიკოს“ 1:4-ზე ამიტომაც, მადრიდული გუნდი ჯგუფში ჩარჩა. „სიეტლმა“ გამოსვლა უქულოდ დაასრულა.