„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ჟორდი ალბამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა.
ესპანელი მცველი რთულ შეხვედრას ელოდება, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვს:
„ვაჩვენეთ, რომ ამ ტურნირზე მაღალ დონეზე კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. ეს ტურნირი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გვსურს განვითარება გავაგრძელოთ და ვაჩვენოთ, რომ კარგად თამაში უმაღლესი დონის მეტოქეებთანაც შეგვიძლია.
პსჟ? ლუის ენრიკე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ევროპის ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ვიბრძოლოთ და გამარჯვება ვცადოთ.
მესის უბრალოდ გამარჯვება სურს. ვიცი, რომ მას „ბარსელონა“ უყვარს, მაგრამ პსჟ-სთან იგივე კავშირი არ აქვს. იქ ორი წელი გაატარა და მხოლოდ მან იცის, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ“, - თქვა ალბამ.
„პარი სენ-ჟერმენთან“ მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელსაც ლუის ენრიკესთან უმუშავია:
„ლუის ენრიკე ტაბარესთან ერთად ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო. ვიცით, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან დაპირისპირება. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი იარაღი გვაქვს წინააღმდეგობის გაწევისთვის. უნდა გამოვასწოროთ გარკვეული შეცდომები, რომლებიც ასეთ მატჩებში ძვირად ფასობს“, - აღნიშნა ურუგვაელმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერ მაიამის“ მატჩი 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.