ილია თოფურია და არმან ცარუკიანი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ. სომეხი მებრძოლის განაწყენება ილიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ქართველმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა. როგორც უკვე იცით, არმან ცარუკიანი თოფურია-ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლას დააზღვევს და ილიას მისამართით კითხვაც სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.
ილია თოფურიას პასუხი შეკითხვაზე, თუ რა შანსი ექნება არმან ცარუკიანს მასთან:
"არმანს ჩემთან შანსი არ აქვს, პირველი რაუნდი, პირველი წუთები, რას გააკეთებს ფეხებში შემოვა? კარგით რა, ის ჩემთვის ყველაზე მარტივი მეტოქე იქნება."
ამ განცხადებას მალევე სოციალურ ქსელში სომეხმა მებრძოლმა უპასუხა:
"ილოცე, რომ ოლივეირას არაფერი მოუვიდეს, რადგან შენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სწორედ მე ვარ. შენ იბრძვი ქამარზე ისეთ მეტოქესთან, რომელიც მე უკვე დამარცხებული მყავს." - დაწერა არმან ცარუკიანმა.
ილია თოფურიამ უპასუხოდ არც ეს განცხადება დატოვა და სოციალურ ქსელ X-ზე არმანის პოსტი გააზიარა შემდეგი წარწერით - "შე ქინძო, ფოთოლო".
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ბრძოლა საქართველოს დროით კვირას გამთენიისას გაიმართება.