39 წლის ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას "მილანში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს თქმით, მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს. ხორვატი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ივლისის ბოლოს გაივლის და "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა 2012 წლიდან მადრიდის „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 591 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანურ გრანდში 27 ტიტული მოიგო: 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი. ასევე, გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.