საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ახლოს არის "ემპოლის" დატოვებასთან, რომელიც სერია A-დან გავარდა და მომდევნო სეზონში სერია B-ში ითამაშებს.
ბოლო პერიოდში არ წყდება საუბარი "ემპოლის" 21 წლის ქართველ ფეხბურთელზე, რომლის შეძენაც არაერთ კლუბს სურს.
დღეს, ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაადასტურა, რომ საბას დამატება "ნოტინგემ ფორესტის" სურს და მოლაპარაკებები ტრანსფერთან დაკავშირებით დაწყებულია.
ასევე რამდენიმე წუთის წინ ontheminute-ის მიერ გავრცელებული ცნობით, საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიცხვს "ნიუკასლიც" დაემატა. წყაროს თქმით, "კაჭკაჭების" მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს ქართველის თავის გუნდში ხილვა სურს და მის შესაძენად იბრძოლებს.
გავრცელებული ცნობებით, "ემპოლი“ მზადაა გოგლიჩიძე 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.