შოთა არველაძე „ქასიმფაშას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველმა სპეციალისტმა თურქულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
"მოხარული ვარ, რომ სამწვრთნელო კარიერას „ქასიმფაშაში" გავაგრძელებ, კლუბში, სადაც თითქმის 3 წელი ვიმუშავე და ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ თურგაი ჩინერს, მენეჯმენტს და პერსონალს ნდობისა და თბილი მიღებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ კონკურენტუნარიანი გუნდის შესაქმნელად. ყველანი ერთად, ერთიანად ვითამაშებთ", - დაწერა სოციალურ ქსელში არველაძემ.
შოთა არველაძე „ქასიმფაშას“ კარგად იცნობს, რომელსაც 2012-2015 წლებში ედგა სათავეში. ზოგადად, თურქეთში, სადაც 1993-1997 წლებში თამაშობდა, მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ასევე იყო „ქაისერისპორის“, „ტრაბზონსპორისა“ და „კარაგუმრუკის“ თავკაცი, სადაც ბოლოს მუშაობდა, 2024 წელს.
არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში თელ ავივის „მაკაბიში“, „ფახთაქორსა“ და „ჰალ სიტიშიც" უმუშავია. "ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის ბინადარია და გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.