ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ლი კარსლის გუნდმა ნახევარფინალში ნიდერლანდები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
უფრო ანგარიში და თამაშის მიმდინარეობა იყო დაძაბული, თორემ თამაშიდან გამომდინარე ინგლისი იმსახურებდა გამარჯვებას, რადგან მეტოქეს ყველაფერში აჯობა.
ინგლისელებმა უპირატესობის გოლში ასახვა 62-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ჰარვი ელიოტმა ანგარიში გახსნა. ნიდერლანდებმა ზუსტად 10 წუთში გაათანაბრა: მოედანზე ახლახან შესულმა ნოა ოჰაიომ შესანიშნავი გოლი გაიტანა. თუმცა, 86-ე წუთზე ინგლისმა მეორედ შეძლო წინ გასვლა, თავი ისევ ელიოტმა გამოიჩინა, რომელიც მატჩის გმირი გახდა.
ინგლისის ნაკრები ფინალშია, სადაც 28 ივნისს, გერმანიას ან საფრანგეთს შეხვდება. ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ისტორიაში მეხუთედ გავიდა ფინალში, მათ შორის, ზედიზედ მეორედ. 2023 წელს, კარსლის გუნდმა ფინალში, რომელიც ბათუმში გაიმართა, ესპანეთი დაამარცხა.