თბილისის დროით 25-26 ივნისის გამთენიისას, პასადენაში (აშშ, კალიფორნია) 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 რაუნდის მატჩი იაპონურ „ურავა რედ დაიმონდსსა“ და მექსიკურ „მონტერეის“ შორის მექსიკური კლუბის გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამ შედეგმა „მონტერეი“ ტურნირის 1/8 ფინალში გაიყვანა.
ნახევარმცველმა ნელსონ დეოსამ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, ხოლო თავდამსხმელმა გერმან ბერტერამემ ოთხი წუთის შემდეგ მექსიკელების უპირატესობა გააორმაგა. 39-ზე თავდამსხმელმა ხესუს კორონამ ანგარიში სამამდე გაზარდა. 90+7 წუთზე კი ბერტერამემ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„მონტერეიში“ გუნდის კაპიტანმა, 39 წლის ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა სრული მატჩი ჩაატარა.
ამ გამარჯვების წყალობით, „მონტერეიმ“ სამ მატჩში ხუთი ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე მყოფ ოთხქულიან „რივერ პლეიტს“ გაუსწრო და E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. „ურავამ“ ერთი ქულაც ვერ მოაგროვა და ბოლო ადგილზე დარჩა, კვარტეტის გამარჯვებული კი „ინტერი“ (შვიდი ქულა) გახდა.