მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ტურის მატჩები G ჯგუფშიც გაიმართა, სადაც მხოლოდ პირველი ადგილის ბედი ირკვეოდა.
„იუვენტუსი“ „მანჩესტერ სიტის“ ხვდებოდა და ფრეც აძლევდა ხელს ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რაც მერვედფინალში „რეალთან“ შეხვედრას აარიდებდა თავიდან, მაგრამ ტურინული გრანდი, რომ ღრმა კრიზისშია და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჰყავს, დღევანდელმა მატჩმაც ცხადყო. ამას დაემატა ისიც, რომ იგორ ტუდორმა შემადგენლობაში როტაციას მიმართა, მეტწილად შეტევასა და ნახევარდაცვაში, სადაც სათადარიგო ფეხბურთელები გაამწესა ძირითადში.
შედეგიც ლოგიკურია: „მანჩესტერ სიტიმ“ 5:2 მოიგო და უფრო რომ გამართლებოდა, გაცილებით დიდი სხვაობით იმარჯვებდა. „მანჩესტერელები“ ჟერემი დოკუს გოლით სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ ორ წუთში ედერსონის შეცდომა ტეუნ კოპმაინერსმა გამოიყენა და გაათანაბრა. „იუვემ“ საჩუქარი შეირგო, მაგრამ შემდეგ ვერაფერი შეცვალა და პირველი ტაიმი მაინც წააგო, რადგან პიერ კალულუმ კურიოზული ავტოგოლ გაიტანა.
მეორე ტაიმში „სიტიმ“ უპირატესობა ადვილად გაზარდა, ერლინგ ჰოლანდის, ფილ ფოდენისა და სავინიოს გოლებით და ანგარიში 5:1 გახდა... მატჩის მიწურულს დუშან ვლაჰოვიჩმა შეამცირა სხვაობა, რასაც არაფერი შეუცვლია.
პარალელურად, მესამე ადგილისთვის მატჩში „ალ აინმა“ „ვიდადი“ 2:1 დაამარცხა.
ჯგუფში „მანჩესტერ სიტი“ 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. სხვათა შორის „სიტი“ ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა. „იუვენტუსს“ 6 ქულით მეორე ადგილი ერგო, „ალ აინს“ 3 ქულით მესამე, ხოლო „ვიდადმა“ გამოსვლა უქულოდ დაასრულა.