თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასთან თანამშრომლობას განაახლებს.
ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 30 ივნისს, იტალიელი სპეციალისტი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, რომელიც ძალაში 2028 წლამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებს 2023 წლიდან უდგას სათავეში და ევრო 2024-ზე მეოთხედფინალში გაიყვანა. მონტელას მანამდე „ადანა დემირსპორში“, „ფიორენტინაში“, „სევილიაში“, „მილანში“, „სამპდორიაში“, „კატანიასა“ და „რომაში“ უმუშავია.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თურქეთს 4 სექტემბერს, თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 14 ოქტომბერს, იზმითში ესტუმრება.