ძიუდო

20:37 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს შედეგიანი დღე კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კადეტ ძიუდოისტებს შორის, სადაც ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მუმლაძემ სლოვენიელი მარკო კოვსე, იტალიელი მიკელე რუსო, ჩეხი ადამ სარბოხი, ხოლო ფინალში რუსი ტიმურ ალიევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ქეთი რობაქიძე გახდა, რომელმაც ხუთი შეხვედრა იპონით მოიგო. მან ხორვატი ვიტა ჰუდიკა, აზერბაიჯანელი მასუმა მამადლი, რუმინელი ისაბელ ბობი, იტალიელი ჯორჯა გრასი და პოლონელი როქსანა ზისი დაამარცხა. შედეგად, ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

+90 კგ წონით კატეგორიაში ორივე ბრინჯაოს მედალი ქართველებმა მოიპოვეს. გიორგი ქარჩაიძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა მოლდოველ კატალინ პლესცასა და სერბ პეტარ ნოვაკოვიჩთან გამარჯვების შემდეგ, სადაც უნგრელ დანიელ შერმაკთან წააგო. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბოსნიელი ნიკოლა ლუბურა დაამარცხა და კვარცხლბეკზე ავიდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა იოანე აბალაკიც, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში ბოსნიელი იმრან მუჰტარი, სერბი პეტარ ნოვაკოვიჩი და იტალიელი ჯანლუკა პიკი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ წინა საშეჯიბრო დღეებში ცოტნე იჩქითიძემ ვერცხლი, ხოლო ნანა გულბიანმა და ვასილ გამეზარდაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა. შედეგად, საქართველომ კადეტთა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რითაც მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09444