ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ფიქრობს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს.
როგორც მან თქვა, სურს, რომ „იუვენტუსმა“ კარგი შედეგი აჩვენოს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ „ბებერი ქალბატონი“ მერვედფინალში „რეალთან“ დამარცხდება.
„ჩემი აზრით, „ინტერი“ „ფლუმინენსეს“ აჯობებს და მომდევნო ეტაპზე გავა, ხოლო მეოთხედფინალში, ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტისთან“ თამაში მოუწევს. მეორე მხარეს ჩემი გულია, იცით, რომ ჩემი გული შავ-თეთრია და სამუდამოდ იქნება. იმედი მაქვს, ვცდები, მაგრამ მგონია, რომ „რეალი“ მეოთხედფინალში გავა.
რაც შეეხება ფინალს: ვფიქრობ, რომ ერთი ბადიდან პსჟ იქნება, მეორედან - „მანჩესტერ სიტი“. ვინ მოიგებს ტურნირს? „იუვენტუსი“! სერიოზულად კი, მგონია, რომ ეს არ მოხდება. ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს პსჟ მოიგებს.
„იუვენტუსი“ თუ ბოლომდე გავა, არცთუ კარგი სეზონის შემდეგ და ახალი მწვრთნელის ხელში, ეს დიდი შედეგი იქნება. ჯგუფიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე ისიც, თუ როგორ მოახერხა ეს. ახალი ენერგიაა და ფეხბურთელები კარგად თამაშობენ, ცხადია, ბოლო მატჩს არ ვგულისხმობ. მე ვიყავი „იუვენტუსის“ გულშემატკივარი, შემდეგ ფეხბურთელი და ახლა ისევ გულშემატკივარი ვარ, ამიტომ, ჩემი გუნდისთვის საუკეთესოს იმედი მაქვს“, - თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამის“ შეხვდება, ხოლო „იუვენტუსს“ გაცილებით რთული მატჩი ელოდება მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.