ფეხბურთი

1:37 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონია

ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია. ლი კარსლის გუნდმა ორი წლის წინ ბათუმში მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა და ევროპის ჩემპიონის სტატუსს ისევ ატარებს.

ფინალში ინგლისმა გერმანია დაამარცხა. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შეხვდნენ და მაშინ მოტივირებულ ინგლისს უმოტივაციო გერმანიამ 2:1 მოუგო, მაგრამ ახლა, ფინალში ინგლისმა რევანში აიღო, სულ რაღაც 10 დღეში იმ მატჩიდან, რომელიც ვახსენეთ.

ინგლისს დიდებული სტარტი ჰქონდა და პირველ ტაიმში მეტოქე მაგრად დაჩაგრა. ანგარიში მეხუთე წუთზე ჰარვი ელიოტმა გახსნა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და პლეი-ოფის სამ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა. ინგლისი აგრძელებდა შეტევებს და ცო წუთში უპირატესობა ლოგიკურად გაზარდა. ამჯერად გოლი ომარი ჰატჩინსონმა გაიტანა.

გერმანიას საერთოდ არაფერი გამოსდიოდა, ინგლისი მესამე გოლთანაც ახლოს იყო, თუმცა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გერმანიამ სხვაობა შეამცირა, თავი ნელსონ ვაიპერმა გამოიჩინა და ამ გოლმა თამაშის დინამიკა შეცვალა. მეორე ნახევარი გერმანიამ უკეთ დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო. 61-ე წუთზე პოლ ნებელმა საგოლე პასს გოლი დაუმატა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

უფრო მეტიც, გერმანიას მოგებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის მიწურულს, კომპენსირებულ დროში ინგლისი ძელმა გადაარჩინა და დამატებითი დრო დაინიშნა. თამაშში ლი კარსლიმ ჯონათან როუ ჩართო, რომელმაც ზუსტად ერთ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა!

გერმანია რა თქმა უნდა, არ დანებებულა, 121-ე წუთზე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ არ გაუმართლა, მერლინ რიოლის დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ინგლისი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, ისტორიაში მეოთხედ და ამ შედეგით მხოლოდ ესპანეთსა და იტალიას ჩამორჩება, რომელთა აქტივში ხუთ-ხუთი ტიტულია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ საქართველომაც ითამაშა, რომელმაც ჯგუფში პოლონეთი დაამარცხა (2:1), მაგრამ საფრანგეთსა (2:3) და პორტუგალიასთან (0:5) წააგო, მოპოვებული 3 ქულა კი, მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

ინგლისი - გერმანია 3:2 დ.დ (2:1)

გოლები: 1:0 ელიოტი (5), 2:0 ჰატჩინსონი (25), 2:1 ვაიპერი (45), 2:2 ნებელი (61), 3:2 როუ (92)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089865